რუსეთი უკრაინაში აკრძალული წესებით და იარაღით იბრძვის. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ზებგერითი რაკეტა გამოიყენა, რომლის შეჩერება თითქმის შეუძლებელია და განიხილავს ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასაც. ბაიდენი რუსეთის მხრიდან ამერიკაზე კიბერთავდასხმის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
ამ საფრთხის მიუხედავად, ამერიკა უკრაინის დასახმარებლად ახლა უფრო აქტიურად მოქმედებს. მართალია, პენტაგონი, ამ დრომდე, უკრაინას უარს ეუბნება საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე, თუმცა მოკავშირეებთან ერთად ცდილობს საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ისეთი ტიპის იარაღი მიაწოდოს, რომლის გამოყენებით საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვას თავად უკრაინელებიც შეძლებენ.
უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ, ევროპაში კოლექტიურ საფრთხეზე ალაპარაკდნენ. ის, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის პრობლემა აღარ არის, ევროპული თანამეგობრობა ამ საკითხზე უკვე შეთანხმდა. რისკების შეფასების შესაბამისად, ევროკავშირი თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, "სტრატეგიული კომპასი" ბრიუსელში უკვე მოამზადეს. დოკუმენტის თანახმად ევროკავშირი, სხვადასხვა სახის კრიზისებზე რეაგირებისთვის, 5 ათასამდე ჯარისკაცის მობილიზებას შეძლებს. უკრაინისთვის ახალი ფინანსური პაკეტიც გამოიყო.
გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი რომ მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდება, ეს დანარჩენ მსოფლიოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა. იტალიის პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა.
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებიდან 27 დღე გავიდა. მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევის მიუხედავად, საომარი მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.