"მხოლოდ ხალხთან ერთად - სხვანაირად არა" - ასეთია ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი კითხვაზე, თუ რაზე შეუძლია წავიდეს, როდესაც კომპრომისებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის ნებისმიერი სახის უსაფრთხოების გარანტიები, შეეხება ის ალიანსების წევრობას თუ ოკუპირებული ტერიტორიების მომავალს - მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმის საკითხია, სადაც მთავარი სიტყვა უკრაინელებს ეთქმით. დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება.
ვოლოდიმერ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ვიდრე ყირიმსა თუ დონბასზე, ან NATO-ს წევრობა-არაწევრობაზე საუბარი დაიწყება, უნდა გადაიდგას მთავარი ნაბიჯი, რუსეთმა ომი დაასრულოს და ულტიმატუმებით საუბარს შეეშვას. უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ თუ პუტინი ჯერ არჩანიშნულ შეხვედრაზე იმგვარი წარმოუდგენელი წინადადებებით მივა, რომელსაც უკრაინა უბრალოდ ვერ დათანხმდება, კიევისთვის ეს მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ კრემლი არც გაჩერებას გეგმავს და არც მხოლოდ უკრაინაა მისი სამიზნე.
რა იქნება კომპრომისი უკრაინელებისთვის? - ამ შეკითხვით "კურიერმა" ლვოვში მყოფებს მიმართა, რომლებიც რუსულ საფრთხეს დღეში, მინიმუმ, 10-ჯერ გრძნობენ, როდესაც საჰაერო იერიშების დროს განგაშის სიგნალი ესმით. ამ აგრესიამ ბევრი ადამიანი უსაფრთხო ალიანსების წევრობაზე კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დააფიქრა:
"NATO თუ ნეიტრალიტეტი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტორ სხვა ქვეყნებს, ეს ამ სიტუაციაში ჩვენთვის ერთ-ერთი გამოსავალია, რატომაც არა."
"ნეიტრალიტეტის წინააღმდეგი ვარ, კიევიდან იმიტომაც გამოვიქეცით, რომ ბომბები თავზე გვეცემოდა. ბოლომდე ვიდგებით, ჩვენ უკრაინის გამარჯვების გვჯერა. მთავარია ვიყოთ თავისუფლები და NATO - როგორც გამოვა."
"ვფიქრობ NATO-ს წევრები რომ ვყოფილიყავით, ასეთი რამ არ მოხდებოდა."
"ნეიტრალიტეტით უსაფრთხოების გარანტიები ერთხელ უკვე დაგვპირდნენ, როდესაც ბირთვულ იარაღზე უარი ვთქვით, მაგრამ კი ხედავთ დღეს რაც ხდება. NATO ძალიან ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, ზელენსკი კი პარტნიორებთან ახალ ალიანს ითხოვს, ვფიქრობ ეს უფრო რეალურია."
თუ უსაფრთხოების გარანტიებზე რამდენიმე ვარიანტის განხილვაა შესაძლებელი, უკრაინელების დიდი ნაწილი კომპრომისს არ უშვებს ოკუპირებული რეგიონების საკითხზე. ეს მათთვის წარმოუდგენელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ ის არ ესმით, თუ რას ემსახურებოდა ამდენწლიანი ომი და დაუთვლელი დანაკარგი.
"არავინ დათანხმდება რაიმე განსხვავებულ მიდგომას ყირიმთან თუ დონბასთან მიმართებით, მხოლოდ ყველაფერი ერთად, სრული მთლიანობა. რადგან ეს დაიწყო, ბოლომდე უნდა მივაწვეთ."
"როგორც ყირიმი, ისე დონეცკი და ლუჰანსკი ჩვენი ტერიტორია, აქ არჩევანის საკითხი არ დგას, ჩვენი ქვეყნის ნაწილზე ვსაუბრობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთლიანობა ვერ შედგება. რა ალიანსებსაც არ უნდა შევუერთდეთ, იქნება ეს ნატო, თუ საკმაოდ იმედისმომცემი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები - ჩვენ უნდა ვიყოთ მასში ყირიმთან, ლუჰანსკთან და დონეცკთან ერთად."
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების თანახმად, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის დემოკრატიზაციასა და ჩრდილო-ატლანტიკურ კურსს ემხრობა. რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის მამაცი და არა კაპიტულანტური პოზიცია ამ ეტაპზე იმაზე მეტყველებს, რომ არჩევანი გააზრებულია და რუსულმა აგრესიამ იგი გარკვეულწილად განამტკიცა კიდეც.