შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. ფაქტზე დაკავებულია 3 და მხილებულია 1 პირი.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში, ბოლო დროს ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდითა და 8 ვაზნით, ასევე, "DREISE" -ს ფირმის პისტოლეტი, მჭიდითა და 6 ვაზნით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რ.ო. დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 პისტოლეტი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ა.გ. ბორჯომში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: კალაშნიკოვის კონსტრუქციის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, შაშხანა, პნევმატური იარაღი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 მჭიდი და 132 საბრძოლო ვაზნა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია განცხადებაში.