27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
პირი, რომლის მიერ "ტიკ-ტოკზე" ვიდეოს დადებას დაბომბვა მოჰყვა და ოჯახი, რომელიც ერთი თვე საკუთარ სარდაფში იმალებოდა - "კურიერი" ბოლო ამბებით უკრაინის დედაქალაქიდან

კიევში რამდენიმე წუთის წინ კომენდანტის საათი გამოცხადდა, მოქალაქეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს ქალაქში გასვლა ეკრძალებათ.

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რუსეთის მხრიდან გუშინ განხორციელებული შეტევის შემდეგ, კვლავ მოხდება დივერსიული ჯგუფების გამოვლენა. ქალაქში ცოტა ხნის წინ ისმოდა სროლის ხმაც, როგორც "კურიერის" გადამღები ჯგუფი კიევიდან იტყობინება, სავარაუდოდ ხდება იმ პირების დაკავება, რომლებზეც არის ეჭვი, რომ ისინი საოკუპაციო ძალებს კონკრეტულ კოორდინატებს აწვდიან.

რამდენიმე საათის წინ უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც გადაიღო და "ტიკ-ტოკზე" განათავსა ვიდეო, თუ როგორ შედიოდა ორი უკრაინული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ძალიან მალე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ეს ადგილი დაბომბეს და სწორედ ეს სავაჭრო ცენტრი გაანადგურეს გუშინ.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ტექნიკის გადაადგილება და ბლოკ-საგუშაგოები არ გადაიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მათგანი იქნება გამოვლენილი და დაკავებული.

"კურიერმა" დღეს გადაიღო დევნილები ჩერნიგოვოდან, რომლებმაც სამშვიდობოს სატვირთო მანქანით გამოაღწიეს, ოჯახი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი სახლის სარდაფში იმალებოდა, კიევიდან ლვოვის მიმართულებით გამგზავრებას გეგმავს. მათი თქმით, ბოლოს მათ სასმელი წყლის პრობლემაც შეექმნათ და იძულებული გახდნენ თავშესაფარი დაეტოვებინათ.

დღის ბოლოს კიევის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომის დაწყების დღიდან მხოლოდ კიევში რუსეთის მხრიდან სარაკეტო და საჰაერო იერიშებს 65 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის ათეულობით მცირეწლოვანი ბავშვია და ისინი კვლავ რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში.

დღის ამბები