რამდენად მართებულია "ქართული ოცნების" მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებები უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით? საზოგადოების აზრით კვლევითი კომპანია "გორბი" დაინტერესდა. სოციოლოგიური კვლევა 10-16 მარტს ჩატარდა, გამოიკითხა 8 ათასი ადამიანი, ცდომილება კი +-3%ს შეადგენს. ირკვევა, რომ მოქალაქეების 73%-ზე მეტი, უკრაინაში რუსული ინტერვენციის პარალელურად, ხელისუფლების ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებს.
უკრაინაში მოხალისეების თვითმფრინავით გამგზავრებაზე უარი, სანქციებისგან თავშეკავება და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი - ეს ის საკითხებია, რომელიც სოციოლოგიური კვლევის თანახმად მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მოსწონს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა და ფიქრობს, რომ ის განწყობებს არ ასახავს.
ოპონენტების მოსაზრებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" "ნაცმოძრაობას" საფრთხეების შეფასებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობის გააზრებისკენ მოუწოდებენ.
სხვაგვარი შეფასებები ისმოდა დღეს ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან. პოლიტიკოსების თქმით, მათ ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვა არასდროს უფიქრიათ. მთავრობას კი მხოლოდ საკომუნიკაციო არხების გამართულად მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ.
სოციოლოგიური კვლევის შედეგები დღის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობაშიც შეაფასეს. კანონმდებლები ხელისუფლების მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელს რაციონალური საგარეო პოლიტიკის შედეგით ხსნიან. უმრავლესობის აზრით, კვლევებმა მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ ოპოზიციური განწყობის მოქალაქეების მხარდამჭერი განწყობაც აჩვენა.