27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
სამხედრო იერიშები უკრაინის ქალაქებზე - ხერსონში, დონეცკში, ხარკოვსა და ოდესაში რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ

ხერსონში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხმოვანი ყუმბარებიც გამოიყენეს. დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. 

რუსულ ტყვიას, ბოლო 24 საათში, 19 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა დონეცკის ოლქში. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. დანგრეულია 30 საცხოვრებელი სახლი.
 
თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვშიც. ჭურვები სუპერმარკეტში აფეთქდა, სადაც დახურულ სივრცეში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. მძიმეა მდგომარეობაა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც. უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ხარკოვში კონტაქტი დაიკარგა ჰუმანიტარული დახმარების მანქანების 5 მძღოლთან და ერთ ექიმთან.
 
გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იწვის რუსული ხომალდი ოდესის სანაპიროსთან ახლოს. მანამდე კი რუსული საზღვაო ფლოტის სამიზნე ოდესა გახდა. მოსახლეობა დილის 5 საათზე მომხდარ საარტილერიო თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ადამიანები ყვებიან, რომ დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა.
 
ქალაქებზე სამხედრო იერიშების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მაინც მიიჩნევს, რომ რუსეთს შეტევების განხორციელების საშუალება აღარ აქვს და მოწინააღმდეგის მხრიდან "ოპერატიული პაუზა" შეინიშნება.
 
ალექსეი არისტოვიჩის განცხადებით, უკვე ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები მიდის. რუსულ თავდასხმებზე საუბრისას ასტეროვიჩმა ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიადან" ერთ-ერთი ფრაგმენტიც გაიხსენა.
 
გაეროს ადამიანთა უფლებათა ოფისის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 925 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თუმცა, ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ მონაცემები ზუსტი არ არის და, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყოს.
დღის ამბები