მარიუპოლი - კიდევ ერთი ქალაქია, რომელიც რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ახლა ის, 26 დღიანი კრახის შემდეგ, რუსული არმიისთვის ერთადერთი შანსია, რომ წინ წაიწიოს.
ულტიმატუმმა არ იმუშავა. ქალაქი არ ნებდება, მოსახლეობა კი, რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გაჰყავთ.
მარიუპოლში კვირაზე მეტია არაა დენი, გაზი და წყალი, რუსები არ ატარებენ პროდუქტებს და მედიკამენტებს.
ყველაზე რთული მდგომარეობა ახლა სწორედ უკრაინის სამხრეთშია. მარიუპოლი კი, რუსული ტერორის მთავარი სახე გახდა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 3 ათასს გადააჭარბა.
ქალაქში დანგრეული და დაზიანებულია შენობების 80 პროცენტი, საიდანაც ვერ ხერხდება ცხედრების გატანა.
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის ავიაცია უკრაინის მიმართულებით დღეში 200-ს გაფრენას ახორციელებს, აქედან 100 სწორედ მარიუპოლზე მოდის.
ამის გარდა ალყაშემორტყმულ ქალაქს წუხელ რუსეთი აზოვის ზღვის მხრიდან 4 სამხედრო ხომალდიდანაც ბომბავდა.
უკრაინული ბატალიონის "აზოვის" მებრძოლები ამბობენ, რომ ბომბები ქალაქზე ყოველ 10 წუთში ერთხელ ცვივა.