27 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"ეს გატაცების ნიშნებს შეიცავს"- უკრაინის საგარეო უწყება, რუსეთს უკრაინის ტეროტორიიდან 2389 ბავშვის უკანონო გაყვანაში ადანაშაულებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან 2389 ბავშვის უკანონო გაყვანაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი იძულებით გადაყვანა გატაცების ნიშნებს შეიცავს. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

"მიღებული ინფორმაციით, 19 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაიყვანეს 2389 ბავშვი, რომლებიც იმყოფებოდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ რაიონებში.

აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა გატაცების ნიშნებს შეიცავს. ასეთი ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევას.

სახლების დანგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს შემდგომშიც საფრთხის ქვეშ აყენებს რუსეთის ტერიტორიაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს ბავშვების უკანონო გაყვანაზე. გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ბავშვების გატაცება, ისევე როგორც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ასობით სხვა დანაშაული, საგულდაგულოდ არის დოკუმენტირებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამ ბოროტმოქმედების ჩამდენები დაისჯებიან,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები