27 ნოემბერი 2024,   20:59
ვრცლად
დავიწყეთ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადზე მუშაობა შესაბამისი მოსაზრების მოსამზადებლად - ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობს - ამ წუთებში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიმდინარეობს. ითქვა, რომ შეზღუდვების კონტექსტში მნიშვნელოვანი საკითხია ენერგეტიკის სფერო.

რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკოსები ღიად აფასებენ და რუსეთს კვლავ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი განმარტავს, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადზე მუშაობა უკვე დაიწყო.

"ჩვენ დავამტკიცეთ 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, საიდანაც ნახევარი უკვე უკრაინას აქვს. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მათ საკვებით, ადამიანებისთვის უსაფრთხო თავშესაფრებით, ასევე გვსურს მათ დავეხმაროთ რეფორმების გაგრძელებასა და მდგრადობის გაძლიერებაში. დავიწყეთ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადზე მუშაობა შესაბამისი მოსაზრების მოსამზადებლად. ეს არის საკითხი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს განიხილეს. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ ის," - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, სასამართლომ პუტინის რეჟიმი უნდა გაასამართლოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს რეჟიმი იყოს იზოლირებული.

​"ბოლო ცნობები და ის ვიდეო მასალა, რასაც ვიღებთ უკრაინიდან არის შემაძრწუნებელი. ჩვენ ვხედავთ როგორ ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საავადმყოფოებს. ბოლო დღეებში სამიზნე არის ის ადგილები, სადაც ადამიანები ოჯახებთან ერთად თავს აფარებენ. რა თქმა უნდა სასამართლომ უნდა გაასამართლოს ეს რეჟიმი, მაგრამ ჩემთვის ისინი არიან სამხედრო კრიმინალები. ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვისთვისაც საერთაშორისო ნორმები არის ფუნდამენტალური, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს რეჟიმი იყოს იზოლირებული. დღეს ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდაზე, ჩვენ მივაწვდით უკრაინას 1 მილიონი ევროს სამხედრო ტვირთს, რითიც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ და ჩვენი მიზანი სამშვიდობო მოსახლეობის დაცვაა," - ამბობს ანალენა ბერბოკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი მიიჩნევს, რომ სანქციების დაწესება მხოლოდ იახტის მეპატრონეებზე არ უნდა ვრცელდებოდეს, არამედ ეს პროცესი უნდა მიემართოს იქითკენ, რომ მოსკოვმა ომი შეაჩეროს.

"სანქციების დაწესება მხოლოდ იახტის მეპატრონეებზე არ უნდა ვრცელდებოდეს. ეს პროცესი მიმართული უნდა იყოს რუსეთის უნარების შეზღუდვაზე, რომ მოსკოვმა ომი შეაჩეროს. პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ერთხელ თქვა, რომ შეგიძლია მოლაპარაკებებში ჩაერთო, მაგრამ მეორე ხელში ჯოხი უნდა გეჭიროს. ვფქრობ ეს არის ის ფორმა, რითაც რუსეთთან მოლაპარაკების დროს უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვხედავთ რა ხდება მარიუპოლში, როგორ გადაჰყავთ უკრაინელები რუსეთში, ეს რა უნდა იყოს თუ არა საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ომის დანაშაულები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ," - განაცხადა იან ლიპავსკიმ.

დღის ამბები