"ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებას უწოდებს საია - ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის განცხადებების გამო სასამართლოსთვის მიმართვა დააანონსეს, პარლამენტში შეიტანეს პროექტი კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ, მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ, ასევე უმოქმედობის საფუძველზეც. არსებული კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები. საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და არ დაუშვას კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგება.
"პირდაპირ არის მინიშნება და პირდაპირაა მიმართული პრეზიდენტის დასჯისკენ, პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისკენ, რადგან ეს ცვლილებები ერთადერთ რაღაცას მიემართება - იმ დავის გამარტივებას, რომლის წამოწყებასაც "ქართული ოცნება" პრეზიდენტის მიმართ აპირებს,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა კონკრეტული ელჩების დამტკიცებაზე უარი თქვა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ამ ნორმის გასაჩივრება.
"ნორმის გასაჩივრება ხდება და არა კონკრეტული ქმედების. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის აღნიშნული ცდომილება ადრეც ცნობილი იყო, უბრალოდ, ჩვენ ეს კონკრეტული ინიციატივა არ დაგვიინიცირებია ამ დრომდე, იმიტომ, რომ შეიძლება გარკვეული სპეკულაციების საგანი გამხდარიყო. ახლა, როდესაც ჩვენ სახეზე გვაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება კონკრეტულ პოზიციაზე, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მიმართოს შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მან განიხილოს ეს სარჩლი და დაადგინოს, რამდენად უფლებამოსილია პრეზიდენტი არ განახორციელოს ამ პირების დანიშვნა,"- აცხადებს გივი მიქანაძე.