27 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას, ოპოზიციის მონაწილეობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლებას, ოპოზიციის მონაწილეობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძე, ასევე, შეახსენებს ხელისუფლებას მათ ინიციატივას ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივაც ძალაშია.

"ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, სადაც შეყვანილი იქნება ოპოზიციური ჯგუფებიც და ვიმუშავებთ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით. პირველი - ეს არის მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში და ეროვნული უსაფრთხოება, მეორე - ეს არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხები, მესამე - ეს არის საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.

წავიდეთ ბრიუსელში ერთად, წავიდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველამ ერთად მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის ინიციატივას სახელისუფლებო გუნდში უკვე უპასუხეს. "ქართული ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ერთიანობასა და პასუხისმგებლობას რომელიმე საბჭოს შემადგენლობის გაფართოება არ სჭირდება.

"ერთიანობასა და პასუხისმგებლობას არ სჭირდება რომელიმე საბჭოს შემადგენლობის გაფართოება. რომელიმე საბჭოს შემადგენლობის ახლებურად განსაზღვრა და მასში ოპოზიციის მოაზრება არ მგონია ლოგიკური ხერხი იყოს იმისთვის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა შეაგრძნობინოს და ვინმეს ჰქონდეს გათავისებული თუ რას წარმოადგენს პარლამენტის მანდატი, იქნება ეს ხელისუფლების წარმომადგენლისთვის თუ ოპოზიციისთვის," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები