ცივილიზებული სამყარო გამოსავალს ეძებს - მსოფლიო ლიდერები ახლა ცდილობენ პუტინის და ზელენსკის ერთ მაგიდასთან დასხდომა დააორგანიზონ. ვინ იქნება შუამავალი ომში ჩართულ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დროს, უცნობია. კონკურენცია მაღალია, ამ დროისთვის აქტიურია თურქეთი, ინიციატივა აქვს შვეიცარიას, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს. მიზანი ერთია - ისტორიული წვლილი შეიტანონ სასტიკი ომის დასრულებაში.
"რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნიშნები იმედის მომცემია, ეს ცხადია კარგია, მაგრამ გარკვეული სკეპტიციზმი უნდა გვქონდეს. საქმე ისაა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ნებისმიერი პოტენციური გადაწყვეტა უნდა იყოს უკრაინის პირობებით და საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის ზეწოლის შენარჩუნება რუსეთზე. ვფიქრობ, რომ ჯერ ცოტა ადრეა დეტალებში შესვლა.
ამ საკითხებს საგარეო საქმეთა მდივანი პრემიერ-მინისტრთან ერთად გაუძღვება. რასაც ისინი ახლა უზრუნველყოფენ, არის მაქსიმალური მხარდაჭერა ეკონომიკურად სანქციების გზით პუტინზე, ასევე სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისთვის. ეს სწორედ ის არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ გვსურს, რომ პუტინმა განიცადოს წარუმატებლობა უკრაინაში," - ამბობს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი.