რუსულ აგრესიას გმობენ თავად რუსეთშიც - პროტესტს არ შეუშინდნენ ისტორიულ დიდ თეატრში. დიდ სცენასთან ერთად ქვეყანაც დატოვა ბალერინა ოლგა სმირნოვამ, ის მოსკოვის კულტურის ცენტრს 11 წელი ემსახურებოდა. სამშობლოს დატოვების შემდეგ ოლგა სმირნოვა ამსტერდამში, ნიდერლანდების ეროვნულ საბალეტო დასში იცეკვებს. მათ, ვინც რუსეთში არ ცხოვრობს, თუმცა პუტინის მკვლელ ომსაც არ გმობენ, კულტურის სფერო სათანადო პასუხს სცემს. რამდენიმე რუს ხელოვანს წამყვან თეატრებში კონტრაქტები შეუწყვიტეს.
ოლგა სმირნოვასთან ერთად, დიდი ბალეტის სცენა და მოსკოვი კიდევ რამდენიმე მოცეკვავემ დატოვა. მიზეზი ერთია, ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და ღიად აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას. 27 წლის ჯაკოპო ტისი იტალიელია, თუმცა წლებია რუსეთის დიდი ბალეტი, მისი მეორე სახლია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება დაიწყო. მოცეკვავემ ამის შესახებ საკუთარ Instagram გვერდზე დაწერა.
ქსანდერ არიში ერთ-ერთია, რომელმაც სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრი დატოვა. თეატრის მთავარი მოცეკვავე რუსეთის აგრესიას არ შეეგუა, ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას და თეატრთან ერთად ქვეყანაც დატოვა.
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. კონცერტი უკრაინის ჰიმნით გაიხსნა და მომღერლებმა ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტში არ მონაწილეობდა მეტროპოლიტენის სოპრანო ანა ნეტრებკო. მომღერალმა რუსეთის აგრესია არ დაგმო და ოპერის ხელმძღვანელობამ ის დაითხოვა. ოპერაში სოპრანოს შემცვლელები უკვე გამოჩნდნენ.
რუსეთ-უკრაინის ომში ხელოვნებას თავისი იარაღი აქვს. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ყოველდღე გამოთქვამენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მხარს უჭერენ უკრაინას და უკრაინელებს.
რუსები ტოვებენ სამშობლოს, ევროპის ქალაქებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი აუქმებენ თანამშრომლობას რუსეთის მომხრეებთან. მათ შორის, ლა სკალამ, კარნეგი ჰოლმა და ვენის ფილარმონიულმა ორკესტრა თანამშრომლობა გაწყვიტა ცნობილ რუს დირიჟორთან და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერთან, ვალერი გერგიევთან.