გადასახლების პროცესები უკრაინის იმ ტერიტორიებიდან, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები შედიან და ძალიან მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი არსებობს - მარიუპოლში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების შეტანის პრობლემას ოკუპანტები ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტი ტერორისთვის იყენებენ. როგორც ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, რუსეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის გატეხვას ცდილობენ.
საუბარია იმაზე, რომ რუსმა სამხედროებმა ხალხის გადასახლება დაიწყეს. კერძოდ კი, გუშინ ერთ-ერთი სპორტული ცენტრიდან, რომელიც ასევე თავშესაფარად გამოიყენებოდა, 1 000-ზე მეტი ადამიანის გაყვანა მოხდა - ამას არა ოფიციალური წყაროები, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ოკუპანტები ამ მოქალაქეებს უკრაინის პასპორტების დათმობას აიძულებენ, ართმევენ დოკუმენტებს, სვამენ რკინიგზის სადგურებზე მატარებლებში და რუსეთის მიმართულებით გაჰყავთ. შემდგომ კი ხდება ხალხის დასახლება რუსეთის რომელიმე ეკონომიკურად შედარებით გაჭირვებულ ქალაქებში და მათ სთავაზობენ 2 წლიან პერიოდს, რომ ადგილზევე დასაქმდნენ.
პარალელურად, მოსახლეობა უსაფრთხო კორიდორების ამოქმედებას ელოდება, რომელიც დღესაც არის დაგეგმილი. იგეგმება 7 ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედება, საიდანაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება: მარიუპოლში, კიევის ოლქში და ბორდიანსკში.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ასევე ოფიციალური კიევის ცნობით, საცხოვრებელი უბნების რეგულარული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, მათგან 69 მთლიანად განადგურდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტების ბლოკადაში მოქცეული ქალაქის მცხოვრებლები წყალს გუბეებიდან იღებენ, ადნობენ თოვლსაც. შედარებით იკლო კიევზე შეტევების ინტენსივობამ, თუმცა დედაქალაქში ისევ დაკვამლიანების პრობლემაა, დგას სუნი - ოფიციალური წყაროები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე ინტოქსიკაციის საფრთხეა.
ყველაზე საინტერესო ამჟამად მარიუპოლში არსებული მდგომარეობაა, საიდანაც მედიას ზუსტი ცნობების მოპოვების შესაძლებლობა არ გააჩნია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელოვნების სკოლა დაიბომბა, რომელსაც 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები აფარებდნენ თავს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.