27 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზა დროებით დავკეტეთ, რომ ჩვენმა ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს და გზები გაიწმინდოს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულნი, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. ამის შესახებ მან წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს, დროებით წყნეთი-კიკეთის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა. 

“წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო, მთელი ღამის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ არ გაჩერებულა. საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში. წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით გადავკეტეთ, რომ ტექნიკას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს, ყველაფერი გაიწმინდოს და  ტექნიკური მარილი თავისუფლად დაიყაროს. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს. რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია. გუშინ საღამოს რომ დაიწყო თოვა, მთელი ღამე და დღესაც  არ გაჩერებულა. 2006 წლიდან წყნეთში ვცხოვრობ და მსგავსი უხვი ნალექი არ მახსოვს," - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და არამხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა ქუჩები და პატარა ჩიხებიც თოვლისგან იწმინდება. მისივე თქმით, ეს პროცესი დღის ბოლომდე და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. 

დედაქალაქის მერთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც გაეცნო. როგორც მან განაცხადა, გარდა გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრისა, ხდება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება და მოქალაქეების დახმარება. 

"უხვის ნალექის მოსვლისთანავე, ჩვენ მობილიზებული ვართ. გარდა ამისა, ჩვენ კონტრაქტორ კომპანიებს ვთხოვეთ ტექნიკით დახმარება და ქუჩებს მათთან ერთად ვწმენდთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კონტრაქტორებს. სანამ ქალაქში ნალექის პრობლემა იქნება, 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს. ვინაიდან გარკვეულ ლოკაციებზე ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მივდივართ ყველგან და ვეხმარებით მათ," - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

დღის ამბები