27 ნოემბერი 2024,   20:59
ვრცლად
უამინდობა საქართველოში - სად შეიქმნა პრობლემები ინტენსიური თოვის გამო

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ინტენსიურად თოვს. გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, ქუჩებში გადაადგილების პრობლემა მაინც იქმნება. მერიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ცენტრალურ და შიდა გზებზე დაახლოებით 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. მუშაობს სპეციალური ტექნიკაც.

გადაადგილების პრობლემა იქმნება ქალაქის შემოგარენშიც. წყნეთის მცხოვრებლები უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. "თბილსერვისჯგუფის" თანამშრომლებს ინტენსიური თოვის გამო სამუშაოების ჩატარება ერთსა და იმავე ადგილზე რამდენჯერმე უწევთ.

თოვლია კახეთშიც. მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ გზებზე პრობლემები შეიქმნა. შეფერხებულია ავტოსაგზაო მოძრაობაც, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა.

გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა უსაფრთხოების მიზნით ისევ გაგრძელდება. ინტენსიური თოვლის გარდა საქართველოს მასშტაბით უამინდობაა თითქმის ყველა დიდ ქალაქში. მთავარ რეკომენდაციად, ზამთრის საბურავების გამოყენება რჩება. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა საქართველოში მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.

დღის ამბები