27 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
დაბომბილი ქალაქები, სოფლები, განადგურებული სამოქალაქო ობიექტები და დაღუპული ბავშვები - "კურიერი" უკრაინიდან 

განგაშის ხმა ლვოვში დღეს რამდენჯერმე გაისმა. საბედნიეროდ, მას სარაკეტო იერიში არ მოჰყოლია, მაგრამ მოსახლეობა მაინც დაძაბულია. მიზეზი გუშინ აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმაა. ქალაქი კვლავ დევნილების კონცენტრაციის ადგილია, რომელთა უსაფრთხო ქვეყნებში გადაყვანას რამდენიმე ქვეყნის საელჩო უზრუნველყოფს. პროცესში ჩართულია საქართველოც. საელჩო სამშობლოში დაბრუნების მსურველებს შესაბამის დახმარებას უწევს. ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ამჟამად ორი დაღუპული ქართველის გადმოსვენებაზე მუშაობს. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი უკრაინაში გუშინ დაიღუპნენ.

9 დაღუპული, 17 დაშავებული - მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რაკეტები საოკუპაციო ძალამ, ამჯერად, ზაპოროჟიეში გამოიყენა. ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში სრულად განადგურებულია ან დაზიანებულია 10-მდე საცხოვრებელი სახლი.

მძიმე მდგომარეობაა ჩერნიგოვის ოლქში, რომელსაც ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ. ჩამოგდებულია რამდენიმე ათეული ჭურვი. აფეთქებების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სამაშველო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ერთი მეხანძრე-მაშველი განმეორებითი დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

ხერსონიდან გამოშვებულმა რაკეტებმა, ნიკოლაევში სამხედრო ბაზის ყაზარმა დააზიანა. დაღუპულების და გარდაცვლილების შესახებ ცნობები ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია.

მარიუპოლში კი მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ქალაქის გასათავისუფლებლად უკვე 2 კვირაზე მეტია სპეციალური დანიშნულების რაზმი "აზოვი" იბრძვის. გვიან ღამით ჯგუფმა ოკუპანტების იარაღის საწყობი ააფეთქა. ლიკვიდირებულია მოწინააღმდეგის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის გენშტაბი, ასევე აქვეყნებს ვიდეო-მასალას, სადაც რუსულ სატანკო კოლონაზე იერიშია ასახული.

საპირისპიროს ამტკიცებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, რუსი სამხედროები წარმატებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანას და უკვე 4500-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებენ უკრაინაში. აქ ფაქტებს ემყარებიან - 112 დაღუპული ბავშვი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საოკუპაციო ძალები თავს ესხმიან სამშვიდობო კოლონებსაც. თუმცა, საფრთხის მიუხედავად, მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

ოფიციალური კიევი ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების მხრიდან სამშვიდობო ობიექტებზე თავდასხმა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. სწორედ ამიტომ, მოსახლეობას ურჩევენ თავი სარდაფებს და მიწისქვეშა ბუნკერებს შეაფარონ. უსაფრთხო არც საავადმყოფო, არც საბავშვო ბაღი და არც სკოლაა. 3 კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა 500 სასწავლო დაწესებულება დააზიანეს, 60-ზე მეტი სკოლა კი სრულად განადგურებულია.

დღის ამბები