27 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
საკითხზე - დავით მათიკაშვილი ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ქარტიის დასკვნა ცნობილია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საკითხზე - დავით მათიკაშვილი ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ. ქარტია აღნიშნავს, რომ მათ პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა მიმართა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში 2021 წლის 16 ოქტომბერს, გადაცემაში „მთავარი შაბათი“, გასულ სიუჟეტში „მდიდარი მოხელეები“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ჟანა აკოფაშვილი.

"სიუჟეტში დავით მათიკაშვილთან დაკავშირებით ითქვა შემდეგი ინფორმაცია: „დავით მათიკაშვილს „მთავარი არხის“ დახურვის სურვილი ვერ შეუსრულდა. სამაგიეროდ, სხვა ყველა სურვილი შეისრულა, ყველაფერი, რაც გამდიდრებას ეხებოდა. რამდენიმე წლის წინ დეკლარაციაში ჩასაწერი არაფერი ჰქონდა, თუმცა მისი ცხოვრება ოცნების დეპუტატობისთანავე რადიკალურად შეიცვალა. ბინები თბილისში, ბორჯომსა და ბაკურიანში — ასე გაიზარდა დეკლარაციის ფურცლებიც. „არქი ჯგუფის“ სამშენებლო კომპლექსში უკვე დასრულებულია დეპუტატის კუთვნილი 4 საცხოვრებელი ბინა. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ერთი საცხოვრებელი სახლის შეძენა კომპანია „არქიში“ 25000 დოლარი დაუჯდა. ეს ფასი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია.“

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ: „1) თითქოს მე კომპანია „არქი ჯგუფის“ მიერ აშენებულ სამშენებლო კომპლექსში მეკუთვნოდეს 4 საცხოვრებელი ბინა; და 2) თითქოს მე ვფლობდე ბინებს როგორც ბორჯომში, ისე ბაკურიანში. აღნიშნული კი არ არის სიმართლე,  სინამდვილეში, მე კომპანია „არქი ჯგუფის“ მიერ აშენებულ სამშენებლო კომპლექსში მეკუთვნის არა 4, არამედ 3 საცხოვრებელი ბინა, ხოლო დაბა ბორჯომში საერთოდ არ ვფლობ არანაირ ბინას. ეს მარტივად ვლინდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის იმ დეკლარაციიდან, რომელიც 2020 წელს წარვადგინე და რომელზე დაყრდნობითაც აგებულია ზემოხსენებული სიუჟეტი „მთავარი არხის“ გადაცემაში (იხ. https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/129304)“.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დავით მათიკაშვილი თბილისში ფლობს შემდეგ უძრავ ქონებას:

ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ. 10, კორპ. 3, სართული 7, ბინა N 227, ბინა: 227, 45.3 კვ.მ, ს/კ:
01.17.12.023.061.01.01.227

ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ. N10, კორპ 3, სართული 6, ბინა N 202, 54.80 კვ.მ, ს/კ: 01.17.12.023.061.01.01.202

ქ. თბილისი ნავთლუღის ქუჩა N 10 კორპ. 3, სართული 5, ბინა N145, 53.20 კვ.მ, ს/კ: 01.17.12.023.061.01.01.145

ხოლო ბორჯომში, უძრავ ქონებას ფლობს დავით მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილი — ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქ. ბინა #57, ს/კ: 64.30.11.047.01.01.057, - 57,9 კვ.მ

მეორე მხრივ, სიუჟეტის თანახმად, იგი ეხებოდა გამდიდრებულ დეპუტატებს, მათ შორის, დავით მათიკაშვილს, რომელთან დაკავშირებითაც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მან ყველა სურვილი შეისრულა, რაც გამდიდრებას ეხებოდა. სიუჟეტში მითითებულია, რომ დავით მათიკაშვილი 4 საცხოვრებელ ბინას ფლობს. ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი ფლობს არა 4, არამედ 3 საცხოვრებელ ბინას. ჟურნალისტი ასევე აწვდის მაყურებელს ინფორმაციას, რომ მათიკაშვილი ფლობს ბინებს ბორჯომსა და ბაკურიანში, ანუ დამატებით კიდევ 2 ქონებას. ასევე საჯარო ინფორმაციის თანხმად, მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილი ფლობს ერთ ქონებას ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში და არა 2 ქონებას, როგორც ეს სიუჟეტში იყო მითითებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ჟურნალისტი აქცენტს აკეთებდა „მილიონერ დეპუტატებზე“, გამდიდრებულებზე, მნიშვნელოვანია, ფასის გარდა, სხვა ინფორმაციაც მიეწოდებინა აუდიტორიისათვის, კერძოდ, შეძენილი ბინების ფართი, მათი მდგომარეობა შეძენის მომენტში, რათა აუდიტორიისთვის სრული სურათი ყოფილიყო ნაჩვენები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ჟანა აკოფაშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი," - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

დღის ამბები