საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში გიორგი ზაქარაშვილი საქართველოს მოქალაქეები უკრაინიდან ევაკუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაახლოებით 2 000 საქართველოს მოქალაქე უკვე გაყვანილია სხვადასხვა მიმართულებით. მან ასევე გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე გარდაცვლილ 2 სამხედროს ჯერ ლვივში, შემდეგ კი - პოლონეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ.
"ტექნიკური მხარე ფაქტობრივად ყველაფერი დალაგებული და გარკვეულია. მოხდება ვარშავაში ცხედრების გადასვენება, სადაც უკვე პოლონეთში ჩვენი საელჩო ჩაერთვება და მოხდება საქართველოში გადაყვანა სავარაუდოდ თვითმფრინავით,"- აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.
ოკუპანტებმა მძიმე არტილერიით, იერიში ბუჩას რეგიონის დასახლებებზე მიიტანეს, რის შედეგადაც შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ლუჰანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეს დაბომბვის შედეგად, ქალი და ორი ბავშვი სახლის ნანგრევების ქვეშ დაიღუპა, კიდევ ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და საავიაციო საბრძოლო მასალის მიწისქვეშა საცავს ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში. სავარაუდოდ იერიში ზე ბგერითი რაკეტებით განხორციელდა. რუსი ოკუპანტების მიერ ახალი ტიპის იარაღის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა კიევშიც.