შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობამ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა "რუსთავი 2-თან", ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთვის და უკრაინისთვის NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებას ეხება. ამ მოთხოვნით კომისიის თანათავმჯდომარემ სტივ კოენმა და სხვა კანონმდებლებმა წერილი თეთრ სახლში რამდენიმე დღის წინ გაგზავნეს.
"რუსთავი 2-თან" ინტერვიუში კოენმა განმარტა, თუ რატომ მიაჩნია საჭიროდ, ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს სპეციალური სტატუსი ჰქონდეთ.
"ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ხალხი ყვეგან ერთია, იმის მიუხედავად, იმყოფება თუ არა ნატოს ქოლგის ქვეშ. ნატო აძლიერებს ქვეყნებს და მთავრობების მხრიდან ვალდებულებას იღებს, კრიზისის დროს ერთმანეთს დაეხმარონ. საინფორმაციო გამოშვებაში უკრაინელი ბავშვის დაღუპვა ვნახე. რა განსხვავებაა პუტინის ომში უკრაინელი ბავშვი დაიღუპება თუ ნატოს წევრი ქვეყნის? არანაირი. მე საქართველოში და მოლდოვაში ნამყოფი ვარ. თავისუფლება ამ ხალხსაც სურს," - აცხადებს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ სტივ კოენმა.
სტივ კოენის და მისი კოლეგების წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ, რომელსაც არ აქვს დასავლური უსაფრთხოების გარანტიები და დგას რუსული ოკუპაციის და საფრთხეების წინაშე, მთავარი NATO-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი უნდა მიიღოს. კოენი, რომელიც კონგრესის ორპარტიულ ჰელსინკის კომისიას ქვედა პალატის მხრიდან თანათავმჯდომარეობს, ამბობს, რომ საქართველოც და მოლდოვაც რეგიონში დაუცველები არიან.
"ისინი დაუცველები არიან. არ მგონია, პუტინმა საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი შეაჩეროს. თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს, მომდევნო სიგნალს მოლდოვაში, დნესტრისპირეთში გაგზავნის, სადაც ჯარები ჰყავს და საქართველოში, სადაც მანამდეც შეჭრილი იყო. ძაღლი ადამიანის ხორცს თუ გასინჯავს, მეტი მოუნდება," - ამბობს სტივ კოენი.
უკრაინისთვის და საქართველოსთვის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება არის ერთ-ერთი ღონისძიება იმ სხვადასხვა ინიციატივიდან, რომელიც კონგრესში უკრაინაში ომის შემდეგ წამოაყენეს. უკვე დაამტკიცეს რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვა. ქვედა პალატამ კენჭი უყარა და 424 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო რუსეთთან და ბელარუსთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეჩერების კანონპროექტი და საკითხი კენჭისყრისთვის სენატში გადავიდა.
ჰელსინკის კომისიის წევრი ჯო უილსონი ამზადებს კანონპროექტს, რუსეთის სათათბიროს დეპუტატებისთვის და მთავრობის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ, თუ ისინი ხელისუფლებიდან გამოიქცევიან.
"დღეს მე შევთავაზებ კანონპროექტს, რომელიც გამოქცეულ დიპლომატებს, რუსეთს დუმის წევრებს და მთავრობის სხვა მოხელეებს, ამერიკაში ცამლტოლვილის სტატუსს დაუყოვნებლივ მისცემს. ამას წინ უძღვის კიდევ ერთი ჩემს კანონპროექტი, რომელმაც უნდა წაახალისოს რუსი გამოქცეულ სამხედრო პირები, 100.000-ის გასამრჯელოს სანაცვლოდ, შეიარაღება უკრაინელებს გადასცენ," - კონგრესის ჰელსინკის კომისიის წევრი რო უილსონი.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ბენ კარდინის განმარტებით, სანქციები გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც დანაშაულების ჩადენას უწყობენ ხელს.
"გლობალური მაგნიტსკის სანქციები არა მხოლოდ პერმანენტული იქნება, გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ამ დანაშაულების ჩადენას უწყობენ ხელს. გარწმუნებთ, არასოდეს ვაღიარებთ უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მათ მიერ კონტროლირებული რომელიმე ტერიტორიის ლეგიტიმაციას," - აცხადებს ბენ კარდინი.