27 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
შავ კვამლში გახვეული ხარკოვი და ოკუპანტების მავნე პროპაგანდა - პუტინის რა დავალებას ასრულებენ რუსი სამხედროები მოსახლეობაზე თავდასხმის პარალელურად

დასავლეთის დაზვერვა მოელის, რომ ფართომასშტაბიანი შეტევის შეფერხების გამო რუსეთი იძულებული გახდება პოზიციურ ბრძოლებზე გადავიდეს. თუ უკრაინა შეძლებს ცის გაკონტროლებასაც, მაშინ რუსულ ჯარებს სახმელეთო ოპერაციები კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ნათელია, რომ ეს არ არის რეალური რიცხვი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკვე თავად აღიარა, რომ დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ ბევრად მეტია.

სკოლის კედლებმა 21 ადამიანის სიცოცხლის ბოლო წუთების განცდები დამარხა. შენობა დღეიდან უზარმაზარ ტკივილს ატარებს. ომის პერიოდში ფუნქციაშეცვლილ საგანმანათლებლო დაწესებულებას თავს ქალაქ მერეფის მცხოვრებლები აფარებდნენ. სკოლა რუსულმა არტილერიამ გაანადგურა. ბომბი დაეცა კულტურის სახლსაც. სიცოცხლისთვის იბრძვის სარაკეტო იერიშის დროს დაჭრილი 25 ადგილობრივი.

რუს ოკუპანტებს უკვე დაბომბილ წერტილებზე იერიში მეორედ მიაქვთ. ხარკოვში ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას მეხანძრის სიცოცხლე შეეწირა, ახალგაზრდა მამაკაცის, რომელიც პირველადი დაბომბვით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. განმეორებითი საჰაერო იერიშის დროს დაშავდა კიდევ ერთი მაშველი.

ფაქტს, რომ აგრესორი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს არ ბომბავს და ხშირ შემთხვევაში რაკეტებს უმისამართოდაც ისვრის ეს კადრიც ადასტურებს. გადამწვარია 7 ჰექტარზე გაშენებული აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ბაზარი. დაბომბვის შედეგად ცეცხლი სავაჭრო პავილიონების სხვადასხვა ნაწილში გაჩნდა.

ხარკოვი შავ კვამლში გაეხვა. ნადგურდება საცხოვრებელი კორპუსები. აგრესორს იერიში მიაქვს კულტურულ და რელიგიურ ძეგლებზეც. დაზიანდა სმოლენსკის ღვთისმშობლის ტაძარი. დანგრეულია საგანმანათლებლო შენობებიც.

ოკუპანტებმა ჭურვი სამშვიდობო დასახლებაში დილითაც ჩამოაგდეს. ოჯახი, რომლის ეზოშიც რაკეტა ჩამოვარდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ხარკოვში შეტაკებები არ წყდება. იზიუმთან უკრაინულმა მხარემ მტრის მძიმე ტექნიკა გაანადგურა. ქალაქში ისევ გრძელდება ბრძოლები მხარეებს შორის. რუსი სამხედროები კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებსაც, მათ ვინც ფრონტის წინა ხაზის დატოვებას ცდილობს.

რუსი სამხედროები მოსახლეობაზე თავდასხმის პარალელურად პუტინის კიდევ ერთ დავალებას ასრულებენ. ოკუპანტები ქმნიან ცრუ სურათს. მტერი თავის მავნე პროპაგანდას ააქტიურებს.

ომი ახალ ფაზაში გადავიდა. თანდათან უფრო რთულდება იმის გამოცნობა თუ როდის განხორციელდება მორიგი იერიში. გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა ხარკოვში მთელი დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტად ისმის.

დღის ამბები