კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც დღეს გამთენიისას დაიბომბა ლვოვია. დაზიანებულია აეროპორტი, მათ შორის ასაფრენი ბილიკები. მიკოლაევსა და ოდესაში სარაკეტო იერიშით განადგურებულია უკრაინელი სამხედროების ყაზარმები.
მარტო ოდესას გუშინ ორი რაკეტა მოხვდა. მთელი ღამე განგაშის ხმა ისმოდა დნეპრსა და ზაპოროჟიაში, ეს სწორედ ის ქალაქებია, სადაც მარიუპოლიდან გასული მოსახლეობა აფარებს თავს.
ლვოვის მიმართულებით ნასროლი 6 "იქს-555" ტიპის რაკეტიდან 2 საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, დანარჩენი 4 მიზანს მოხვდა.
ლვოვში მომხდარი აფეთქების გამო, განგაში ახლოს მდებარე ლუცკშიც გამოცხადდა. ქალაქის მერის თქმით, მომდევნო სამიზნე შესაძლოა მათი საავტომობილო ქარხნებიც გახდეს. იგორ პოლონჩუკის ინფორმაციით, განგაშის სირენებს ამოწმებენ პოლონეთის იმ სოფლებშიც, რომლებიც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში, რუსი ოკუპანტების ღამის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებს და საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. ადგილობრივების თქმით, მათ სიახლოვეს სამხედრო ობიექტი არაა, შესაბამისად შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. 11 დასახლებული პუნქტი დაცხრილეს დონბასში, სრულად განადგურდა 30-მდე საცხოვრებელი კორპუსი. დაღუპულებს და დაშავებულებს ამ დრომდე ითვლიან.
დღეს ოკუპანტის ტყვიას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ნოვი პეტროვცის მოსახლეობა ამბობს, ოკუპანტებმა ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსებს და მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს.
ოკუპანტების სამიზნე გვიან ღამით ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი გახდა. შენობას რამდენიმე ჭურვი მოხვდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატში აცხადებენ, რომ აგრესორის მხრიდან ბავშვებზე ნადირობასთან ერთად იმატა ქალებზე ძალადობის შემთხვევებმაც.
ოკუპანტების მიერ ბლოკირებული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა კვლავ გართულებულია. ოკუპანტებმა ლვოვისკენ მიმავალი არაერთი სამშვიდობო კოლონა ააფეთქეს. ახალი საევაკუაციო მარშრუტების მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, უკრაინის მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს.
ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე 109 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 130. მათი ხსოვნის პატივსაცემად ლვოვში დღეს აქცია პერფორმანსი გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 109 ცარიელი ეტლი მიიტანეს.