27 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
"ქართული ოცნების" შეფასებით, გერმანიის კანცლერის გზავნილი ირაკლი კობახიძის განცხადების იდეის მატარებელია

"ქართული ოცნების" შეფასებით, გერმანიის კანცლერის გზავნილი ირაკლი კობახიძის განცხადების იდეის მატარებელია - უმრავლესობის დეპუტატებმა დღეს ოპონენტები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათთვის სახელისუფლებო გუნდის თავმჯდომარის განცხადება მიუღებელია, თუმცა იგივე შინაარსის პოსტი გასაგებია გერმანიის კანცლერისგან. "ოცნებას" ოპოზიციიდან უკვე უპასუხეს.

საუბარია მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძემ რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ დისკრიმინაციის კონტექსტში კანონის გამკაცრებაზე ისაუბრა.

"ის, რომ ეთნიკური ნიშნით არ შეიძლება ადამიანების არც სიტყვით და არც ფიზიკური შეურაცხყოფა, მსგავსი კომენტარები გაკეთდა ერთის მხრივ ირაკლი კობახიძის მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ გერმანიის კანცლერი შოლცის მხრიდან და ეს კობახიძის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ მე-5 კოლონისთვის არის მიუღებელი და აღმოჩნდა მისაღები შოლცის მხრიდან მეტყველებს არამარტო იმაზე, რომ ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, არამედ ზუსტად იმაზე, რომ ისინი არიან ომის პარტია და მათ სინამდვილეში არც საქართველოს, არც რუსეთის, არც უკრაინის მოქალაქეები არ აინტერესებთ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც არ იზიარებს პუტინის წარმოდგენას და იმპერიალისტურ ზრახვებს, რა თქმა უნდა არანაირი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია მათ მიმართ არ უნდა იყოს.

"არასდროს ჩვენ არ გვითქვამს, რომ ქსენოფობია და დისკრიმინაცია რაიმე სახით არის მიღებული ან მისაღებია, რა თქმა უნდა არა. პირიქით, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ საქათველოს მოქალაქეებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დააბრალა დისკრიმინაცია და ქსენოფობია," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ შოლცისა და ირაკლი კობახიძის განცხადება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება.

დღის ამბები