27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ეს დარტყმა დასტურია, რომ ბომბავენ არა უკრაინის არმიას, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას - ლვოვზე იერიშს გუბერნატორი ჰუმანიტარულ ცენტრზე თვდასხმად აფასებს 

ლვოვში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გუბერნატორმა. მაქსიმ კოზიცკიმ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და იმ ზიანზე ისაუბრა, რომელიც სარაკეტო შეტევის შემდეგ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას მიადგა.

"დღეს იყო დარტყმა ლვოვზე. შეიარაღებულმა ძალებმა იმუშავეს. შავი ზღვიდან გაშვებული რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც უკვე იცით, ოთხი მათგანი მოხვდა თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას. ეს არის თავდასხმა ლვოვზე, ჰუმანიტარულ ცენტრზე, სადაც სულ მცირე 200 ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანია, რომლებიც უკვე გაიქცნენ საბრძოლო ზონიდან. ეს დარტყმა არის იმის დასტური, რომ ისინი ომობენ არა უკრაინის არმიასთან, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასთან, ბავშვებთან, ქალებთან, დევნილებთან.

ჩვენ ველოდებით მსოფლიოსგან მხარდაჭრას, ხალხის დახმარებას. შესაძლოა შემდეგი პოლონეთი იყოს. ამ სამყაროში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველა მებრძოლი შეიძლება თავდასხმის სამიზნე გახდეს," - ამბობს ლვოვის გუბერნატორი და ლვოვის სამხედრო რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ლუცკის მერმა იგორ პოლონჩუკმა კი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

"მაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, ლვოვის აეროპორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ გაანადგურა თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა. განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ასევე რისკის ქვეშაა საავტომობილო ქარხანა, შესაძლოა ისიც დაიბომბოს. ყველას სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ," - ამბობს ლუცკის მერი.

დღის ამბები