27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"პროვოკაციის მიზანია რუსეთის დადანაშაულება მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში"-​რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი

დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ლვოვის აეროპორტის რაიონში. უკრაინული მხარის ცნობით, განადგურებულია საავიაციო-სარემონტო ქარხნის შენობა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტევა შავი ზღვიდან განხორციელდა.

რაც შეეხება ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროების ძალისხმევა დონბასზეა კონცენტრირებული. ღამით ლუგანსკის ორ ქალაქზე იერიშების შედეგად ოკუპანტებმა 20 საცხოვრებელი შენობა გაანადგურეს.

დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. სევერო-დონეცკში საოკუპაციო ძალებმა თავშესაფარი დაბომბეს, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ.

ლუგანსკის სამხედრო უწყების წარმომადგენლის თქმით, შენობაში მყოფი პირები ამჟამად უსაფრთხოდ არიან. დღეს ცხრა ქალაქში კვლავ ჰუმანიტარული დერეფნები იმუშავებს. უკრაინისა და რუსეთის გენშტაბები ომის შესახებ კვლავ განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური პროვოკაციებს ამზადებს. 

"ზუსტად ვიცით, რომ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამზადებს პროვოკაციას, რომ გამოიყენოს მომწამვლელი ნივთიერებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პროვოკაციის მიზანია რუსეთის დადანაშაულება მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში.

მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, არ აქვთ და არ შეიძლება ჰქონდეთ ქიმიური საბრძოლო მასალა. რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, დიდი ხანია ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს ქიმიური იარაღის ყველა მარაგის განადგურების თვალსაზრისით.

მინდა დავამატო, რომ ჩვენს მიერ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 ბრიგადაში მოპოვებულ საბრძოლო დოკუმენტაციას შორის იყო რუკა, სადაც ნაჩვენები იყო შენახული მომწამვლელი ნივთიერებების ობიექტები და ტიპები,"-  აცხადებს იგორ კონაშენკოვი

დღის ამბები