დღეს რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე კვირა დაიწყო. უკრაინა უკვე 22-ე დღეა უმკლავდება ოკუპანტი რუსეთის აგრესიას. უკრაინა დასავლეთისგან აქტიურ დახმარებას კვლავ ითხოვს. მათ შორის უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას, თუმცა თუ გამოცხადებული სამხედრო დახმარება უკრაინაში დროზე ჩავიდა, ის თავად ჩაკეტავს ცას და ქვეყნის მთელ ტერიტორიას არასაფრენ ზონად აქცევს.
სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელსაც გუშინ ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი მოიცავს არა მხოლოდ 9 ათას ერთეულ ტანკ საწინააღმდეგო სისტემას და 800-ს საზენიტო დანადგარს, პაკეტში შედის მთავარი დამრტყმელი ძალა "კამიკაძე დრონები", რომელიც თავად ეძებს და ათეულობით კილომეტრის რადიუსში ადგილზე ანადგურებს მიზანს.
მანამდე კი, უკრაინის ყველა ქალაქი ისევ საჰაერო განგაში ზონად რჩება.
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთი პირველი სატანკო ბრიგადის და ბალტიის ფლოტის მობილიზებას ახდენს.
პენტაგონის წყაროები კი იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით უკვე გადაისროლა მთელი შეიარაღებული ძალების 75%.
იბომბება ხარკოვი, სადაც მარტო დღეს კიდევ 21 ადამიანი დაიღუპა. რუსებმა სარაკეტო იერიში ქალაქის კულტურისა სახლსა და სკოლაზე მიიტანეს.
ქალების და ბავშვების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით დღეს უკრაინაში კიდევ რამდენიმე ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდა. პარალელურად ქვეყნის მთავრობა ბლოკირებულ ქალაქებსა და სოფლებში ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ცდილობს. ქვეყნის ვიცე-პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს