დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ. კითხვა-პასუხის დროს, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში მისი წინა მისვლა გაიხსენა. მაშინ მას არც კითხვების მოსმენის და შესაბამისად, არც პასუხების გაცემის საშუალება მიეცა, განსხვავებით დღევანდელისგან. მინისტრის საათი დღეს თითქმის 9 საათს გაგრძელდა, აქედან დიდი ნაწილი სწორედ კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. დეპუტატები ინტერესდებოდნენ, როგორც უწყების გამოწვევებით და ზოგადი საფრთხეებით, ისე კონკრეტულ საქმეებითა და დანაშაულის სტატისტიკით.
მინისტრის მისამართით სულ 50-მდე შეკითხვა დაისვა, რომელთა შორის ნაწილი იდენტური შინაარსის იყო. 5 ივლისის საქმის გამოძიება და საზღვრის კონტროლი, დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის და უმრავლესობის თანაბარი ინტერესის საგანი აღმოჩნდა.
კითხვა-პასუხებამდე კი, იყო ვრცელი მოხსენება. მინისტრმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო უწყების პრიორიტეტები, განხორციელებული პროექტები და ის, თუ რას გეგმავს სამინისტრო მომავალში.
მინისტრის სიტყვით გამოსვლა წუთიერი დუმილით დაიწყო, რომლითაც დეპუტატებმა რიკოთის უღელტეხილზე დაღუპულ პოლიციელებს მიაგეს პატივი. მოხსნების დაწყებამდე კი, ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.