27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
შურისძიება თეატრში შეფარებულ ბავშვებსა და დედებზე, სამშობიარო სახლებზე, სკოლებსა და საბავშო ბაღებზე - მარიუპოლი​, როგორც რუსული ომის რეალური სახე

მარიუპოლის თეატრი - ტრაგედია გმირებით, შენობა, რომელსაც ასობით მშვიდობიანი უკრაინელი თავშესაფრად იყენებდა, რუსული ბომბების სამიზნე გახდა.

მტერმა იცოდა, რომ მათი ნასროლი რაკეტა ბავშვებს მოხვდებოდა. ამან აგრესორები მაინც ვერ შეაჩერა. მიზანშიც სწორედ ის თეატრი ამოიღეს, რომელსაც ორი მხრიდან ნიშანი ჰქონდა - წარწერით "ბავშვები".

თავშესაფარში ასობით ადამიანის ყოფნის ფაქტს, ადგილობრივების მიერ გავრცელებული კადრებიც ადასტურებს. ვიდეო მასალაში ის ადამიანები ჩანან, რომლებიც რუსული ჭურვებისგან თავდასაცავად თეატრს აფარებდნენ თავს. იერიშის შემდეგ, მარიუპოლის თეატრის ნანგრევებიდან 130 ადამიანი ამოიყვანეს. დაღუპულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სამძებრო სამაშველო ოპერაცია დაბომბვიდან 24 საათის შემდეგაც გრძელდება.

ნახევარ მილიონიან ქალაქში, განწირული ხალხის ხმა ყველა კუთხეში ისმის. პუტინის რეჟიმმა იმსხვერპლა 22 დღის უკრაინელი ჩვილის სიცოცხლეც.

მუდმივი დაბომბვის ფონზე, ცეცხლის ალში გახვეულ ქალაქში, ექიმები ერთი სახლიდან მეორის მიმართულებით მიდიან. ეძებენ მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება. მშვიდობიან მოქალაქეებს რუსი სამხედროები პირდაპირ ქუჩაში კლავენ.

16 წლის ბიჭი კი, ფეხბურთის მოედანზე ბომბის აფეთქების შედეგად დაიჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაიბომბა აუზიც, სადაც რუსული რაკეტებისგან თავის დაცვას, ფეხმძიმე ქალები ცდილობდნენ. განადგურებულია ბავშვთა საავადმყოფოც.

ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქში, ახლა ყველა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. მედიკამენტების დეფიციტისა და ჰუმანიტარული კატასტროფის გამო, თითქმის ყველა დაჭრილი სასიკვდილოდ არის განწირული. 

ქალაქი სრულ სიბნელეში ჩაეფლო. მუდმივმა ღია ცეცხლმა გაანადგურა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის სისტემები. დაზიანებულია სატელეფონო სერვისების უმეტესობა.

მარიუპოლში რუსი სამხედრო მოქმედებების შედეგად, ყველა შენობა დაზიანებულია. ქალაქში საკვებისა და წყლის დეფიციტია. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხალხი წყალს გუბეებიდან სვამს. ვერ ითვლიან გარდაცვლილთა რაოდენობასაც.

ოფიციალური კიევი, ომის დანაშაულზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. უკრაინისთვის მშვიდობიან მოსახლეობაზე პირდაპირი იერიშის მიტანა, დანაშაულის უტყუარი მტკიცებულებაა.

მარიუპოლს მკურნალობისა და დაჭრილების ჰოსპიტალიზაციის რესურსი უკვე აღარ აქვს. წასასვლელიც არსად არის. ფრონტის წინა ხაზიდან გასასვლელი ყველა გზა ოკუპანტმა ჩაკეტა. ქალაქის აღების მცდელობას და მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშს, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. საპორტო ქალაქის ხელში ჩაგდებით, პუტინი სრულად გააკონტროლებს აზოვის ზღვას და სახმელეთო კავშირს დაამყარებს ყირიმთან.

დღის ამბები