27 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
"ამ წუთებში ვიმყოფებით რეანიმაციაში, სადაც ჩვენი ექიმები იბრძვიან ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად" - ცნობილი უკრაინელი მომღერლის, ვაკარჩუკის ემოციური ვიდეომიმართვა

ცნობილი უკრაინელი მომღერალი სვიატოსლავ ვაკარჩუკი კვლავ აქტიურად გამოდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მომღერალი ხვდება ნაომარი ქალაქების მოსახლეობას, მონაწილეობს ჰუმანიტარულ ღონისძიებებში, აშუქებს იმ ვითარებას, რომელშიც უკრაინული ქალაქები, რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ აღმოჩნდნენ.

დღეს სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამჯერად ზაპოროჟიეს საავადმყოფოს რეანიმაციიდან, სადაც ექიმები დაჭრილი ბავშვების გადასარჩენად იბრძვიან.  მან რუსეთის მოსახლეობას რუსულ ენაზე მიმართა და მოუწოდა, შეაჩერონ ომი:

"მე ვარ სლავა ვაკარჩუკი, ჯგუფ "ოკეან ელზიდან". ეს უკრაინაა, ზაპოროჟიე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ჩვენი ექიმები იბრძვიან იმ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც დაიჭრნენ რუსული რაკეტებით, რუსული არმიის მიერ, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობენ.

ზოგიერთ მათგანს აღარ აქვს ხელი, ფეხი, ზოგიერთმა ორივე მშობელი დაკარგა. ზუსტად ახლა, მათი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა მიდის.

მე მინდა, რომ ეს ნახოთ და შეაჩეროთ თქვენი შეშლილი ხელისუფლება, თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ, ნუ გეშინიათ, შეწყვიტეთ შიში, გამოდით მოედნებზე, ნახეთ, რას უშვებიან ჩვენს ბავშვებს...

მე აღარაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ვისაც სურს გაგება და შეგრძნება, მისთვის ისედაც გასაგებია. შეაჩერეთ ომი!"- მიმართა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა რუსეთის მოსახლეობას.

დღის ამბები