უკვე ერთ საათზე მეტია შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ვახტანგ გომელაური უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება.
დარბაზში იყო კამათი, ისმოდა მწვავე კითხვებიც. დეპუტატების მხრიდან, დაახლოებით, 50-მდე შეკითხვა დაისვა შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით და მათი უმეტესობა უკავშირდებოდა, თუ რამდენად არის ქვეყნის საზღვრები დაცული და თუ რა გამოწვევები არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
კითხვა შეეხებოდა საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ძებნილს ბადრი ესებუასაც, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ ესებუას ძებნა გრძელდება
"ჩემზე ძალიან არავის არ უნდა, დავიჭიროთ. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ გავიდა წელიწადნახევარი და იქიდან გამომდინარე, რომ მას არ მოუკლია და არ დაუჭრია არავინ, თუმცა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, გეთანხმებით სრულიად... ყველაფერს ვაკეთებთ. ოპერატიულად ვმუშაობთ ყველანაირად, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ.
მოკლედ გეტყვით, რომ 2013 წლის შემდეგ ყველამ რომ იცოდეს, ძებნილები, 10 წლის ძებნილები, რომელებმაც დანაშაული 10 წლის წინ ჩაიდინეს, მათ შორის არის პოლიციელის მკვლელი, დედა-შვილის მკვლელი, 2 ადამიანი ცოცხლად დაწვა... ასეთ მძიმე დანაშაულებს გეუბნებით, 72 ძებნილი დავაკავეთ 10 წლის შემდეგ, 15 წლის ძებნის შემდეგ დაკავებულია 37 ძებნილი. 20 წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, ყველა მინისტრს და პოლიციელს უნდა დამნაშავის დაჭერა. მესმის, პრობლემაა და ვმუშაობთ. წელიწადნახევარი კი ბევრია, შეიძლება, მაგრამ, შეიძლება ვერ დავუჭიროთ, შეიძლება დავიჭიროთ, ხვალვე დავიჭერთ ან ერთ თვეში... მე რომ ვთქვა, რომ ამდენ ხანში დავიჭერთ, ვინც საქმე იცის და პროფესიონალია, დამცინებენ," - განაცხადა ვახტან გომელაურმა.