27 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს შეუძლია - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" და რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოში უსაფრთხოების გამოწვევებზე.

დეგნანის განცხადებით, საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს შეუძლია.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ 2008 წელს მილიარდი დოლარი გამოიყო საქართველოს მხარდასაჭერად და ჩემი და სხვა ქვეყნების მხრიდან განხორციელდა ხელშესახები ინვესტიციები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2008 წელს. ამ სიტუაციაში კი მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ერთიანი ფრონტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ათასობით ადამიანს კლავს უკრაინაში და ანადგურებს მათ ქალაქებს. სანქციების მიზანია გავლენა მოახდინოს რუსეთის ქმედებაზე. აქვე მკაფიოდ გეტყვით, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას შეუერთდეს ორმხრივ სანქციებს, თუ მათ ეს არ სურთ, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა რასაც ახლა ყველა, მათ შორის ჩემი ქვეყნისგან ელიან, არის ის, რომ დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველო ამ მხრივ ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო, საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში იქნებოდა ეს ირანთან თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ისეთი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდნენ, როგორიცაა საქართველო და აშშ, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერათ. მნიშვნელოვანია ეს ორი საკითხი კარგად გაიმიჯნოს. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე და საქართველო ამ პრინციპს ემორჩილება. ბევრი სანქცია შესაძლოა საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს შეუძლია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება სანქციების რეჟიმს, აგებს კიდეც პასუხს. გავიმეორებ, მთავარია ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვუთქვათ უკრაინას, ამის ერთ-ერთი გზა სწორედ სანქციების აღსრულებაა​," - განაცხადა კელი დეგნანმა.


დღის ამბები