კიდევ ერთი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კონგრესს მიმართა.
"დიდება უკრაინას" - ასე გახსნა სხდომა ნენსი პელოსიმ უკრაინის პრეზიდენტის ვირტუალური გამოსვლის წინ, რომელმაც უკრაინაში რუსულ აგრესიას, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე საშინელი ომი უწოდა.
კიევი მადლობელია, მაგრამ დასავლეთისგან კიდევ უფრო დიდ დახმარებას ელის. ცის ჩაკეტვა და მეტი სანქციები - ეს არის უკრაინის ორი მთავარი მოთხოვნა.
თუმცა დღეს ზელენსკის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა: უკრაინის პრეზიდენტი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის "პასუხისმგებლიანი ქვეყნების კავშირის" შექმნას ითხოვს, რომელიც დროულად შეძლებს რეაგირებას ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში. ოპერატიულად დახურავს აგრესორის სამიზნე ქვეყნის ცას, მიაწვდის იარაღს და გაუწევს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ვოლიდიმირ ზელენსკის დღეს შეერთებულ შტატებს ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარებიც მოთხოვა.
"ჩვენ ინტენსიურად გვბომბავენ, სწორედ ამიტომ ჩვენ დახმარებას ვითხოვთ, რომ გქონდეთ საპასუხო რეაქცია. დახურეთ ცა და შეიმუშავეთ ალტერნატიული მეთოდები. თუ ფრენის აკრძალული ზონა ზედმეტი მოთხოვნაა, მაშინ უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ქალბატონებო და ბატონებო, მე მჭირდება თქვენი დახმარება. 24 საათში ჩვენ გვჭირდება საჭირო დახმარების მიღება, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ სამხედრო. დაუწესეთ რუსეთს მუდმივად სანქციები იქამდე, სანამ რუსეთი არ გაჩერდება. ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, ვიდრე რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. შეზღუდვებია საჭირო ყველასთვის, ვისზეც ეს უსამართლო რეჟიმია დაფუძნებული. შეუზღუდეთ ყველაფერი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უდიდესი აგრესიის ნაწილი არიან.
დღეს საკმარისი არ არის იყო მხოლოდ ლიდერი, უნდა იყო მსოფლიო ლიდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გახდეთ მშვიდობის ლიდერები. მშვიდობა თქვენს ქვეყანაში მხოლოდ თქვენზე და თქვენს მოსახლეობაზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია თქვენს მეზობლებზე, თქვენს მეგობრებზე, თუმცა ძლიერი არ ნიშნავს დიდს. ძლიერი ნიშნავს მამაცს.
თითქმის 45 წლის ვარ და ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. ამიტომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა, სწორედ ეს არის ჩემი უმთავრესი მისია. მე ვერ ვხედავ აზრს სიცოცხლეში, თუ მას სიკვდილის შეჩერება არ შეუძლია. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი წუხილია, როგორც ხალხის ლიდერის, დიდი უკრაინელი ხალხის ლიდერის, როგორც ერის ლიდერის. მე პრეზიდენტ ბაიდენს მივმართავ: თქვენ დიდებული ერის ლიდერი ხართ, გისურვებთ, რომ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, მსოფლიოს ლიდერობა მშვიდობის ლიდერობაა. დიდება უკრაინას!" - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს