პარლამენტმა დღეს სემეკის თავმჯდომარეს მოუსმინა. დავით ნარმანია კანონმდებლების წინაშე 2020 წლის ანგარიშით წარსდგა, უპასუხა დეპუტატების კითხვებსაც.
საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხით დაინტერესდა. გარდა ამისა, დეპუტატებმა დავით ნარმანიას კითხვები კომპანია თელმიკოს შესახებაც დაუსვეს.
"როგორ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ", რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე ენერგეტიკის სფეროში მკვეთრად გაიზარდა, თუ ეს ასე არ არის, მე გთხოვთ წარმოადგინოთ ციფრები, რადგან ის ციფრები, როიმელიც ჩვენ გვაქვს, უკიდურესად შემაშფოთებელია," - მიმართა სალომე სამადაშვილმა დავით ნარმანიას.
თავის მხრივ დავით ნარმანიამ ამ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთთან მაღალი დამოკიდებულება ქვეყანას არ აქვს.
"წლების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 10%-ს არ აღემატება. 2021 წელი ოდნავ განსხვავებული იყო, 15% იყო რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი ჩვენს მოხმარებაში, თუმცა ამის გამომწვევი იყო ის ფაქტი, რომ 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში აზერბაიჯანში გაზსადენზე ჰქონდათ ავარია და მოხდა ტექნიკური ხარვეზი მიწოდებაში. როგორც კი ეს ავარია აღმოიფხვრა, ისევ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს ეს მაჩვენებელი, ამდენად რუსეთზე ბუნებრივ აირზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს," - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმამია.
მას თელმიკოზე კითხვა კი ნინო წილოსანმა დაუსვა:
"როგორც ვიცით, თებერვალში შესამოწმებლად თელმიკოში შეხვედით. როგორც ვიცით გარკვეული დაჯარიმებაც მოხდა, უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა დარღვევები იყო და რითი დააჯარიმეთ კომპანია?"- იკითხა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, კომპანია თელმიკო 75 000 ლარით დაჯარიმდა:
"იყო რამდენიმე პუნქტი, სადაც აცდენები იყო და დიდწილად ადამიანური ფაქტორებით იყო ეს გამოწვეული. შესაბამისად, თელასი 75 000 ლარით დაჯარიმდა. ნახევარ მილიონ ლარზე ოდნავ მეტი იყო ეს არასწორად დარიცხული თანხები, რომლებიც დაკორექტირდა. დავაინიციროთ ენერგეტიკის კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ჯარიმებს კიდევ უფრო მეტად გავზრდით,"- უპასუხა მას დავით ნარმანიამ.