რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ინტენსიური მკურნალობის რეგიონული საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.
მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელიც საავადმყოფოს ერთ-ერთ პერსონალს ეკუთვნის:
"საავადმყოფოს დატოვება შეუძლებელია. ძლიერად ისვრიან, ჩვენ სარდაფში ვსხედვართ. ორი დღეა მანქანები საავადმყოფომდე მოსვლას ვერ ახერხებენ. ირგვლივ მაღალსართულიანი კორპუსები იწვის... რუსებმა მეზობელი სახლებიდან ჩვენს საავადმყოფოში 400 კაცი გადაიყვანეს. გარეთ გასვლა არ შეგვიძლია," - ნათქვამია შეტყობინებაში.
კირილენკოს თქმით, საუბარია რეგიონული ინტენსიური თერაპიის საავადმყოფოზე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, პრაქტიკულად გაანადგურეს. მისი განცხადებით, დაბომბვის შედეგად საავადმყოფოს მთავარ შენობაში იატაკის ფილები ჩამოვარდა. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოს პერსონალი და პაციენტები ადაპტირებულ სარდაფში იმყოფებიან და იქვე განაგრძობენ მკურნალობასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.