27 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"არა ომს!" - პროტესტი კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ არხზე - რა სასჯელი გამოუტანა რუსეთის სასამართლომ "პირველი არხის" რედაქტორს

თითქმის ერთდღიანი ძებნის შემდეგ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს რომ მარინა ოვსიანიკოვა სასამართლოშია. ფოტო მისმა ადვოკატმა, ანტონ გაშინსკიმ პროცესის პარალელურად გადაიღო - "პირველი არხის" თანამშრომლის ბედს მთელი მსოფლიო კითხულობდა, მას შემდეგ რაც მან ყველასათვის გასაკვირი, ბევრისთვის კი მამაცი ნაბიჯი გადადგა.

კრემლის ერთგულმა ტელეკომპანიამ ეთერში უნებლიედ სიმართლე გაუშვა. ვიდრე მარინა ოვსიანიკოვას პროტესტს რეჟისორები სიუჟეტით გადაფარავდნენ, მაყურებელმა მაინც მოასწრო იმის წაკითხვა, რომ "ვრემია" ტყუის.

"ნუ დაუჯერებთ პროპაგანდას - შეაჩერეთ ომი," - რუსეთის პირველი არხის რედაქტორმა ეს გზავნილი პოსტერზეც დაწერა და პირდაპირ ეთერშიც გააჟღერა. მაშინ როდესაც საინფორმაციო გამოშვების უცვლელი წამყვანი, ეკატერინა ანდრეევა საზოგადოებას უყვებოდა, თუ როგორ აარიდებს თავს მოსკოვი და მინსკი სანქციებს. აღმოჩნდა, რომ პროტესტამდე ქალმა ღია მიმართვაც ჩაწერა, რომელშიც საკუთარ სამსახურზე წარსულ ფორმაში საუბრობს, რაც იმის დასტურია, რომ რეჟიმის პასუხი კარგად იცოდა.

მარინა ოვსიანიკოვა ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, ის ოდესაში დაიბადა - ქალაქში რომელიც უკრაინის სხვა ქალაქებთან ერთად ახლა რუსული საჰაერო იერიშების სამიზნეა. რუსულენოვანი სააგენტოები წერენ, რომ "ოერტეზე" მას რედაქტორის პოზიცია 8 წელი ეკავა. მისი ფეისბუქით ვასკვნით, რომ ის საერთაშორისო ამბებით იყო დაკავებული. სოციალურ ქსელში მისი ბოლო ფოტო უკრაინის დროშის ფერებში გაწყობილი სამკაულითა და მშვიდობის მტრედის გრაფიკული გამოსახულებით გვხვდება. ახლა ამ პოსტის ქვეშ ათასობით ადამიანი უხდის მას მადლობას სიმართლისთვის.

მომხდარი ხულიგნობაა კრემლისთვის. პუტინის პრეს-მდივნის თქმით, საკითხს იკვლევენ, თუმცა არა კრემლში, რადგან ეს საკითხი მათ დღის წესრიგს სცდება. მიუხედავად იმისა,რომ ევროკავშირის სასანქციო პაკეტი რუსეთის პირველი არხის აღმასრულებელ დირექტორს, კონსტანტინ ერნსტსაც შეეხო, პესკოვი ჯიუტად ამტკიცებს, რომ რუსული მედია გამორჩეულად პასუხისმგებლიანია.

ჟურნალისტის უსაფრთხოების გარანტიებზე პუტინთან საუბარს აპირებს ემანუელ მაკრონიოვსიანიკოვას მადლობა პირადად გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტმაც.

ამ შანსის გამოყენება ძვირი დაუჯდა 44 წლის მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში პროტესტის შემდეგ ოსტანკინოს ტელე-რადიო სადგურის შენობიდან უკვალოდ გაქრა. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ადვოკატები და მეგობრები რედაქტორს რაიონულ განყოფილებებში მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

მხოლოდ 15 მარტის დღის მეორე ნახევარში გაირკვა, რომ "ოსტანკინოს" რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ოვსიანიკოვას "შეუთანხმებელი საჯარო ღონისძიების ორგანიზებისთვის" მუხლით ედავებოდნენ, რომელიც 30 000 რუბლის ოდენობის ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. მეორე ვერსიით ბრალდება "რუსეთი შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას" ეხებოდა - ახალი კანონმდებლობით, ეს ბრალი 700 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე ჯარიმას, ასევე 3, 5 ან 10 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც დღის ბოლოს გაირკვა რუსეთმა ჯერჯერობით ვერ გაბედა "პირველი არხის" თანამშრომლის საჩვენებელი დასჯა და მისი ციხეში გამოკეტვა 15 წლიანი მუხლით. მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პირველი არხი დატოვეს ჟურნალისტებმა ჟანა აგალაკოვამ. ტელეკომპანია "ენტევე" დატოვა ჟურნალისტმა ვადიმ გლუსკერმა, ისევე როგორც გამოშვება "სევოდნიას" ტელეწამყვანმა - ლილია გილდეევამ. გავრცელებული ინფორმაციით მან ჯერ ქვეყანა დატოვა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა სამსახურიდან წასვლის განცხადება, სადაც 2006 წლიდან მუშაობს, მას პირადად პუტინისგანაც აქვს მიღებული მადლობა "მასმედიის განვითარებისა და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის".

დღის ამბები