"ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს უკრაინას იარაღით, რათა მან დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან" - ეს ჯო ბაიდენის ბოლო განცხადებაა, რომელიც რუსეთისათვის ახალ სანქციებს ამზადებს. უკრაინისთვის გაწეული დახმარება, ბოლო საათების განმავლობაში ასეთია: უკრაინაში უკვე ჩავიდა თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტია. "ბაირაქტარების" გარდა, ანკარამ კიევს გადასცა სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალები და ჯავშანჟილეტები.
გერმანიამ გათიშა ლაივ-კამერები ავტომაგისტრალებზე და აღარ აპირებს გაამჟღავნოს დეტალები, რა გზით და რა სახის სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას. ისრაელიდან კი უკრაინაში უკვე ჩაიტანეს სამხედრო საველე ჰოსპიტალი, რომელიც დისტანციური მედიცინის თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.
კიევის მთავარი საზრუნავი ახლა ქალაქი მარიუპოლია, რომელიც ახლა ალეპოსავით მიწასთანაა გასწორებული. უკრაინის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მოსახლეობის გაყვანაა ყოფილი ქალაქიდან, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ჰუმანიტარულ კატასტროფაში ცხოვრობს.
ქალაქ მიკოლაევში, მიუხედავად დაბომბვისა, მოსახლეობა საკუთარ სახლებს არ ტოვებს. ეშინიათ, მაგრამ დევნილად ქცევას საკუთარ სახლში სიკვდილი ურჩევნიათ. იხსენებენ როგორ მოფრინდა მათ დასახლებაში რაკეტები. ბალაბანოვკას დასახლებაში დღისით 10-ზე მეტი კასეტური რაკეტა მოფრინდა. სროლებს შორის სარემონტო ჯგუფი გაზის დაზიანებული მილების შეკეთებას ცდილობს. სხვა შემთხვევაში, ათასობით ადგილობრივს გაყინვა ემუქრება. მიკოლაევის სასაფლაო ყოველდღიურად, მინიმუმ, 10 ახალი საფლავით ივსება.