სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის დედაქალაქს განსაკუთრებულად იცავენ. კონტროლი მკაცრია, მოწმდება ქალაქში შემსვლელი ყველა ავტომობილი. უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, კიევი მოსალოდნელი ბლოკადისთვის ემზადება. გამოცემა "უნიანი" წერს, რომ უკრაინის დედაქალაქი ორი კვირის სამყოფი პროდუქტებით მომარაგებულია.
დედაქალაქში ჰუმანიტარული შტაბები მუშაობას განაგრძობს. აფეთქებისა და სროლის ხმა კიევის ოლქში გამთენიისას, რამდენიმე წერტილში ერთდროულად გაისმა. ჭურვი ესროლეს ანტონოვის საავიაციო ქარხანას, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები. რუსულ აგრესიას კიევში, ცხრასართულიან კორპუსში, 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან მაშველებმა 63 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს, არიან დაკარგულებიც.
დრონით გადაღებულ კადრებში მარიუპოლის დღევანდელობაა ასახული. უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ კვლავ წარუმატებელია რუსული ჯარის გეგმა, მაგრამ ინტენსიურად მიმდინარეობს საჰაერო თავდასხმები. დანაკარგი და მსხვერპლი დიდია. დღეს გარდაიცვალა სამშობიარო სახლზე თავდასხმის დროს დაშავებული ქალიც. ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
ხარკოვი, მარიუპოლი, მელიტოპოლი, სუმი - ეს იმ ქალაქების ნაწილია, რომლებიც ომმა ყველაზე მეტად აზარალა. დიდია დაღუპულთა რიცხვი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად 18 მილიონი ადამიანი დაზარალდა. მეცხრამეტე დღეა უკრაინა ოკუპაციას ებრძვის, ომის დაწყების დღიდან დღემდე ყველა ოლქში უკრაინის დროშა ისევ ფრიალებს.