27 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი - რას ფიქრობენ კონსტიტუციონალისტები

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტარებს განუცხადა, რომ მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები თავისი ინიციატივით გამართა და სამუშაო ვიზიტები პირად შეხვედრებად აქცია.

პრეზიდენტმა ახსნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საგარეო ვიზიტებში საკუთარი გადაწყვეტილებით და პირადი კონტაქტების გამოყენებით იმყოფებოდა, რადგან მას ამის უფლება მთავრობისგან ოფიციალურად არ ჰქონია.

ზურაბიშვილის თქმით, არსებული რეგიონალური საფრთხეების ფონზე, მან საკუთარი დიპლომატიური გამოცდილების გამოყენება აუცილებლად ჩათვალა.

პრეზიდენტის გამოსვლის ამ დეტალს, მალევე "ქართული ოცნების" ლიდერებმა უპასუხეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციის დარღვევა თავადვე აღიარა. სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთავარი კანონის 52-ე მუხლი შეახსენა მამუკა მდინარაძემაც, რომლის მიხედვით, მთავარსარდალი საგარეო ურთიერთობებში საკუთარ მოვალეობას მთავრობის თანხმობით ახორციელებს. მიუხედავად კონსტიტუციური ნორმისგან გადახვევისა, "ოცნებაში" პრეზიდენტის იმპიჩმენტს გამორიცხავენ.

ზურაბიშვილის მთავრობასთან შეუთანხმებელი საგარეო ვიზიტები ნორმალურ მოვლენად მიაჩნიათ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების აზრით, პრეზიდენტის განცხადება ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირებას ადასტურებს. კანონმდებლები რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში კონსტიტუციისგან გადახვევას პრობლემად არ აღიქვამენ.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი - კონსტიტუციონალისტების პასუხი ამ კითხვაზე არაერთგვაროვანია. იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედება კონსტიტუციური ნორმის ფორმალური დარღვევაა. მეორე ნაწილის აზრით კი, თუ პრეზიდენტს განცხადება ქვეყნის სახელით არ გაუკეთებია, შესაძლოა, მისი მოქმედება სამართლებრივად გამართულად ჩაითვალოს.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელსა და პარიზში ევროპელ ლიდერებთან არაერთი შეხვედრა გამართა.

დღის ამბები