უკრაინიდან სამშვიდობოს უკვე 2 მილიონ 600 ათასზე მეტი მოქალაქე გავიდა, თუმცა მათ ლტოლვილის სტატუსით ცხოვრება უწევთ. უმრავლესობამ არ იცის, სად უნდა წავიდეს და როგორი იქნება მათი მომავალი, შეძლებენ თუ არა ისევ სამშობლოში დაბრუნებას. მიზანი ყველას ერთი აქვს - თავი დააღწიონ რუსულ აგრესიას და ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.
ბომბებს გაქცეული უკრაინელების უმრავლესობა თავს პოლონეთს აფარებს, ნაწილი გადავიდა უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. გაიარეს რთული გზა - სასტიკ ომს ცივი ზამთარი უფრო ამძიმებს. თავის რიგს კიდევ ბევრი ელოდება - ქალაქების და სოფლების ნაწილი ალყაშია, ამიტომ უმძიმესი ჰუმანიტარული პირობების მიუხედავად, მოსახლეობა ვერ ახერხებს საცხოვრებლის დატოვებას. ხშირად, სწორედ საზღვრებისკენ მიმავალ მოქალაქეებს ოკუპანტები ცეცხლს უხსნიან.
მოლაპარაკებების მიუხედავად, 14 ჰუმანიტარული დერეფნიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მხოლოდ 9 გაიხსნა. უკრაინიდან დაახლოებით 13 000 ადამიანის ევაკუირება განხორციელდა, მარტო სუმი 8 ათასმა ადამიანმა დატოვა, რაც წინა დღესთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.
უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების გარდა მშვიდობიანი მოქალაქეები გადადიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სადაც 3 ათასი ვიზა გაიცა ლტოლვილებისთვის. მათ თავშესაფარს, მინიმუმ, 6 თვით მისცემენ, ხოლო ყოველთვიურად 350 ფუნტს გადაუხდიან.