27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
რა შემაკავებელი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს NATO-ს მთავარი მოკავშირის სტატუსს- ჰელსინკის კომისიის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში 

საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა პუტინის აგრესიის პასუხად - კონგრესმენები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, ქვეყნებს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველო რუსული საფრთხეების წინაშე დგას და მას დასავლეთისგან არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები. ამიტომ, სწორედ უსაფრთხოების კონტექსტში, სტატუსი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

ვინ შეუშლის ხელს ვლადიმერ პუტინს განახორციელოს საკუთარი ნეოკოლონიალური პოლიტიკა - ჰელსინკის კომისიის წევრები, აშშ-ის მტკიცე და პროაქტიურ მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, პუტინის აგრესიის საპირწონედ განიხილავენ. კონგრესმენები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, უკრაინას და საქართველოს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭონ. 

მთავარი მოკავშირის სტატუსი კონკრეტული ქვეყნებისთვის იარაღის გადაცემისა და ფინანსური დახმარების შესაძლებლობას გაამარტივებს. ამავე დროს ეს იქნება მხარდაჭერის მძლავრი სიგნალი კიევისა და თბილისისთვის. არსებობს რისკი, რომ რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი მტრულ ქმედებად იყოს აღქმული. თუმცა ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ სამხედრო ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს შეიარაღება შესაძლოა რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდეს. 

კომისიის მოწოდების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ პარტიაში, სადაც განმარტავენ, რომ საქართველო NATO-ს ​ მჭიდრო პარტნიორია. "ქართული ოცნების" ლიდერები სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მიმართულებით დამატებითი რესურსების მობილიზებაზე საუბრობენ.

ჰელსინკის კომისია, ასევე რეკომენდაციას გაცემს, საქართველოსა და უკრაინის გარდა ამერიკის ადმინისტრაციამ მსგავსი სტატუსების მინიჭება განიხილოს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს სხვა არაწევრი ქვეყნებისთვის, მაგალითად ფინეთის, მოლდოვასა და შვედეთისთვის.

დღის ამბები