უკრაინაში რუსეთის მხრიდან საჰაერო და საარტილერიო შეტევები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ქალაქ სვიატოჰორსკში აგრესორმა კიდევ ერთი მონასტერი დაბომბა, რომელსაც 520 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის 200 ბავშვი.
უკრაინაში თავს ესხმიან მედიასაც - ოკუპანტებმა დღეს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ბრენდ რენო მოკლეს, ის "ნიუ იორკ თაიმსის" კორესპონდენტი იყო. გადამღები ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დაჭრილია.
საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს დონეცკის რაიონზე, დაზიანდა საევაკუაციო მატარებელი, დაღუპულია გამცილებელი. საფრთხის მიუხედავად, მოსახლეობის ევაკუაცია მაინც გრძელდება.
მძიმე სიტუაციაა ხარკოვის ოლქში. ინტენსიურმა ცეცხლმა ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. ოკუპანტების სამიზნე გახდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტები და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ხერსონში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ რამდენიმე ასეული უკრაინელი გამოვიდა. ცენტრალურ მოედანზე მათ საკუთარ მიწაზე უცხო ქვეყნის ჯარის შემოჭრა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობა და ხერსონის უკანონო დამოუკიდებლობის გამოცხადების მცდელობა გააპროტესტეს.
გასული ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 2 ვერტმფრენი, 2 მოიერიშე და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.
კიევი ბლოკადისთვის ემზადება. უკრაინის დედაქალაქში მობილიზებულია საკვების, სასმელი წყლის და მედიკამენტების 14 დღიანი მარაგი. პროდუქტები განკუთვნილია 2 მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან კიევში და მის დატოვებაზე უარს აცხადებენ.