პარლამენტი სალომე ზურაბიშვილს ხვალ მოუსმენს. უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრები და საქართველოში არსებული პოლიტიკური სურათი - სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება პრეზიდენტის მოხსენების მთავარი თემები.
სალომე ზურაბიშვილის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტი იყო დღეს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უმრავლესობის სხდომაზე. "ქართული ოცნების" დეპუტატებს აქვთ იმედი, რომ ხვალ პრეზიდენტი აქცენტს პოლიტიკურ კონსოლიდაციასა და ერთიანობაზე გააკეთებს, უსაფრთხოების საკითხები და დასავლეთთან ჩამოტანილი გზავნილებია ოპოზიციის ინტერესის სფერო.
პრეზიდენტი კანონმდებლების წინაშე მოხსენებით ხვალ გამოვა. სალომე ზურაბიშვილი სასესიო დარბაზის ტრიბუნიდან მთავარ გზავნილებზე ისაუბრებს. დეპუტატებს მოლოდინი აქვთ, რომ ის ისაუბრებს, როგორც საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, ისე რეგიონში მიმდინარე ომსა და გზავნილებზე, რომელიც ევროპიდან - პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებიდან ჩამოიტანა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესებზე, რეგლამენტის გათვალისწინებით, თავიანთ პოზიციასაც დააფიქსირებენ.
"ქართული ოცნებაში" მოლოდინი აქვთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტში კონსოლიდაციასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებები. გია ვოლსკის თქმით, ეს აუცილებელია იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში საფრთხის შემცველი სიტუაციაა. ვიცე-სპიკერი ოპონენტებს შორის არსებულ განსხვავებულ პოზიციებზეც საუბრობს.
პრეზიდენტის მოხსენება იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მომდევნო სასესიო კვირაში განსახილველ თემებზე.
პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის ანგარიშის ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს. მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს და მოსახლეობას მიმართავს, ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ კი სხდომა დაიხურება.