"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს მუქარის შემცველი ტექსტი მიწერა. გვანცა პაპუაშვილი, რომელიც ჟურნალისტ გიორგი მანჯავიძის მეუღლეა, ამბობს, რომ დეკანოიძე მის მიერ გაზიარებული ვიდეოს კომენტარის გამო დაემუქრა.
გვანცა პაპუაშვილმა "ფეისბუქზე" გააზიარა დეკანოიძის "უკრაინა 24-სთვის" მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის ამბობს :
"სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში იღუპებიან ადამიანები, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინის წინააღმდეგია, ასეთი მკაცრი სანქციებია დაწესებული ეკონომიკის, პუტინის წინააღდეგ... გამოდის, რომ ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რომ დაეხმაროს პუტინს, შექმნას იარაღი, რომლითაც ხალხს დახოცავს."
"მანდატი რომ შეუჩერონ არ შეიძლება?!" - აღნიშნა გვანცა პაპუაშვილმა თავისივე გაზიარებული ვიდეოს კომენტარში. მოგვიანებით კი მან გამოაქვეყნა პირადი მიმოწერის სქრინი, რომლის მიხედვით, დეკანოიძე მას შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.
მომხდარს "ფეისბუქზე" ეხმიანება ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე.
"ხატია დეკანოიძე, აქ ვართ ოჯახი და დიდად ძებნა არ დაგჭირდება. სულ არ მადარდებს ეხლა ვინ და ვის ეწყინება აქ ეს პოსტი .... შენ ადგილას ბოდიშს მოვიხდიდი მაგ სიტყვებისთვის და მუქარისთვის....
დანარჩენს არ განვავრცობ, რასაც ვფიქრობ!!!!
პ.ს. ვინ იცნობთ გადაეცით მოკითხვა და ველოდები როდის "მოგვძებნის"...
პ.პ.ს გვანცას მიწერა პირადში - ქოცო, თავი არ მომაძებნინოო...( ამას სადღაც მოუნიშნავს გაეცი ხალხს პასუხიო)
უი....ამასობაში დამბლოკა..." - წერს მანჯავიძე.