27 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ვანდალიზმი თუ პერფორმანსი - "ნაციონალური მოძრაობა" ოფისების დაზიანებაში "ოცნებას" ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" მათ ოფისებზე თავდასხმაზე საუბრობს. ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისები გორის და კასპის გარდა, თბილისშიც დააზიანეს. უცნობმა პირებმა ავჭალაში, ვარკეთილსა და მუხიანში შენობის ფასადები წითლად შეღებეს და წარწერები დატოვეს.

"მაშინ, როდესაც მთავრობა უნდა იყოს დაკავებული უკრაინის მხარდაჭერით, დარბიან და ჩვენს ოფისებს აწერენ საკუთარ სახელს. დიახ, სწორედ "ქართული ოცნებაა" დღეს ამ ქვეყანაში მეხუთე კოლონა, რომელიც ეხმარება რუსეთს პოზიციების გამყარებაში. წარმოუდგენელია, ერთ ღამეში რამდენიმე ათეულ ოფისზე განახორციელო ვანდალიზმი და ეს ყველაფერი შეუმჩნეველი იყოს სამართალდამცველებისთვის, პირველ რიგში, პატრულისთვის,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.

განცხადება დღეს ამ თემაზე გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც - მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას“ სურს აღნიშნული ფაქტი მმართველ გუნდს დააბრალოს.

"ისინი თუ მსგავს რაღაცას აკეთებენ, ეს არის პერფორმანსი და თუ სხვა აკეთებს, ეს არის ვანდალური ფაქტი. ორმაგი სტანდარტია. კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება არის პიარ ხრიკი, რომ დააბრალონ მმართველ გუნდს ამის ორგანიზება, მაგრამ ერთ რამეს ვურჩევ - თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას ასეთ სიტუაციაში და იმის კეთებას, რაც თანამედროვე სამყაროში არსად ფიქსირდება,"-აცხადებს მდინარაძე.

 
დღის ამბები