ქართული მხარე ელოდება, რომ ჰააგის პროკურორი დაკავების ორდერებს აგვისტოს ომში დამნაშავე სხვა პირებზეც გასცემს, რადგან საქართველოს ჰააგაში მყარი და მოცულობითი მტკიცებულებები აქვს წარდგენილი.
"ამ სამ ადამიანზე არ გაჩერდება გამოძიება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება არის წარდგენილი ქართული სასამართლოს მიერ. შესაბამისად გაიზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ძებნას დაექვემდებარებიან. ზოგი იქნება მაღალი რანგის პირი, ზოგი შესაძლოა პირიქით. აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ეს პირები განსასჯელის სკამზე დადგებიან. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური წონა და საერთაშორისო სასამართლოს მიერ იმ დანაშაულის აღიარება, რომელიც ჩადენილი იქნება რუსეთის სახელმწიფოს და მისი პირველი პირების მიერ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
გამოძიების პირველ ეტაპზე გამოკვეთილ სამ ბრალდებულს, სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს კი, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრების გადაკვეთისთანავე დააკავებენ. ეს ვალდებულება საქართველოსთან ერთად, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში მყოფ, 123 ქვეყანას აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე, ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ძიებას ქართულ მხარესთან თანამშრომლობით აგრძელებს.