27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
რა დანაკარგები აქვთ მხარეებს და რომელი ქალაქები გახდა რუსი ოკუპანტების ავიაიერიშების სამიზნე - "კურიერის" ჩართვა ლუცკიდან 

ქალაქი ლუცკი გუშინ პირველად გახდა საოკუპაციო ძალების სამიზნე. რუსულმა ავიაციამ სამხედრო ბაზა დაბომბა, არის მსხვერპლი. ვასილკოვის ნავთობის ბაზაზე კი, ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც ოკუპანტებმა მიზანში ამოიღეს აეროპორტია, კერძოდ ასაფრენი ბილიკი. ვასილკოვი კიევიდან 55 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინელი სამხედროები დროებით თმობენ პოზიციას ვოლნოვახში. ინფორმაციას ადასტურებს გენშტაბიც. ცეცხლი არ წყდება ხარკოვის ოლქში, სადაც სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ვრცელდება განსხვავებული ცნობები დაღუპულების და დაშავებულების შესახებ. ოფიციალური ინფორმაცია გვიან ღამით გახდება ცნობილი. მანამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებს, მელიტოპოლის გატაცებული მერის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მადლობას უხდის ქალაქის მოსახლეობას, რომელიც ამ მოთხოვნით, იარაღით მუქარის მიუხედავად აქციას მართავს.

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში შესაძლოა ბელარუსი ჩაერთოს. ამას წინ უძღოდა პროვოკაცია. კერძოდ, უკრაინის ტერიტორიიდან რუსულმა მოიერიშეებმა ბელარუსის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. მოგვიანებით ლუკაშენკომ, საზღვრის სიახლოვეს დამატებითი ძალები გაგზავნა, რასაც როტაცია უწოდა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე განადგურებულია სამხედრო ინფრასტრუქტურის 3 491 ობიექტი. მონაცემები აქვთ კიევშიც. 362 ტანკი. 135 საარტილერიო სისტემა, 58 თვითმფრინავი და 83 ვერტმფრენი. გასულ ღამეს ჩერნიგოვის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული "სუ-34" ტიპის გამანადგურებელი, 4 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ინტენსიური შეტაკებისთვის ემზადება მიკოლაევი, ოდესა კი მის დასახმარებლად. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ოდესის მერმა ჰუმანიტარულ დახმარებასა და ქალაქის თავდაცვისუნარიანობის პოტენციალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, უკრაინაში "კურიერის"​ 2 გადამღები ჯგუფი მუშაობს. ქალაქ ლუცკიდან, რომელიც ჩრდილო დასავლეთ უკრაინაში, და პოლონეთის საზღვართან დაახლოებით 90 კილომეტრში მდებარეობს, უახლეს ინფორმაციას ბექა პატურაშვილი და ტატო კახიძე გვაწვდიან. 

დღის ამბები