27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"პუტინმა უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი" - აშშ რუსეთისთვის შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსის გაუქმებას გეგმავს

უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. კიევმა კიდევ ერთხელ მიიღო ვაშინგტონის სიტყვიერი მხარდაჭერა და დაპირება, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს ინტერვენციას, თეთრი სახლიც გააგრძელებს ეკონომიკურ სანქციებს და რუსეთის იზოლაციას.

ახალი სანქციები მოგვიანებით დიდი შვიდეულის თათბირის შემდეგ გამოცხადდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ შეერთებული შტატები აპირებს რუსეთს შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი გაუუქმოს.

იმ სანქციების მიხედვით, რომელსაც შეერთებული შტატები აწესებს, რუსეთს აღარ ექნება იმ ქვეყნის სტატუსი, რომელთანაც ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, მათ შორის დაბალი ტარიფები და დაბალი რეგულაციები.     

"ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი შვიდეულის ქვეყნები და ნატოელი მოკავშირეები ვაგრძელებთ პუტინზე ზეწოლის გაძლიერებას. ჩვენი თითოეული ერი გადადგამს ნაბიჯებს რუსეთისთვის "ყველაზე უპირატესი ერის" სტატუსის უარსაყოფად. ყველაზე ხელსაყრელი ერის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა დათანხმდა ვაჭრობას ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით - დაბალი ტარიფები, მცირე ბარიერები ვაჭრობაში. შეერთებულ შტატებში ჩვენ ამას ვუწოდებთ მუდმივ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს, რუსეთისთვის ამ სტატუსის გაუქმება გაართულებს ბიზნესის კეთებას შეერთებულ შტატებთან.

ჩვენ ასევე ნაბიჯებს ვდგამთ ისეთი საქონლის იმპორტზე აკრძალვის მიმართულებით, როგორიც არის არაყი, ბრილიანტები და ძვირფასი ქვები. პუტინმა უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი, არ შეიძლება მან გააგრძელოს ომი, რომელიც მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს არყევს. ოლიგარქების სიას დაემატა ახალი სახელები და ჩვენ ვზრდით კოორდინაციას დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის, რათა ამოვიღოთ უკანონოდ ნაშოვნი თანხა. ჩვენ მათ სუპერ იახტებს, სახლებსა და ვილებს დავაყადაღებთ. ფუფუნების საგნების ექსპორტს რუსეთიდან წერტილს დავუსვამთ. რუბლი ისტორიულ მინიმუმზეა, მოსკოვის საფონდო ბირჟა უკვე ორი კვირაა დაკეტილია და ფაქტობრივად კოლაფსია." - ამბობს ჯო ბაიდენი. 

 

 

დღის ამბები