27 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
უკრაინაში საქართველოდან დამატებით 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება, ჰუმანიტარულ მისიაში აქტიურად მონაწილეობენ რეგიონები

საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში დღეს და ხვალ, საქართველოდან დამატებით 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით არამალფუჭებადი პროდუქტი, მედიკამენტები და ტანსაცმელი მოგროვდა. უკრაინის დასახმარებლად სამთავრობო უწყებებს რიგითი მოქალაქეები და ბიზნეს სექტორიც შეუერთდა. მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პრემიერის ინიციატივით, პროცესში აქტიურად ჩაერთნენ სახელმწიფო რწმუნებულები.

აღმოსავლეთ საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარება თბილისში დახარისხდა. ტვირთის გადანაწილების შემდეგ უკრაინელი ხალხისთვის პირველადი და აუცილებელი ნივთებით ავტომობილები უკვე დაიტვირთა. რეგიონებში პროდუქტებთან და ტანსაცმელთან ერთად, სამედიცინო ინვენტარი შეგროვდა.

ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, პროდუქტების დახარისხების პროცესი მიმდინარეობს ფოთში. საპორტო ქალაქში სატვირთო ავტომობილებს დასავლეთ საქართველოდან გაგზავნილი დახმარებით ტვირთავენ. ამ შემთხვევაშიც საუბარია პირველადი დახმარების ნივთებზე, ტანსაცმელსა და მედიკამენტებზე. ფოთის პორტიდან სატვირთო მანქანები ხვალ გავლენ.

დახმარების მობილიზების პროცესში ჩართულია აჭარა. ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსიც, რომელიც უკრაინის დამეგობრებული ქალაქებისთვის არის განკუთვნილი.

უკრაინაში დღის ბოლოს გაიგზავნება თბილისის მერიის ორგანიზებით გახსნილი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიდან - საკვები, ტანსაცმელი და სამედიცინო ინვენტარი. ქალაქის მერიასთან ერთად პროცესში ბიზნესი და მოსახლეობაც ჩაერთო. საუბარია დაახლოებით 50 ტონა ტვირთზე.

საქართველოს მთვარობასა და კერძო თუ საჯარო სექტორში აცხადებენ, რომ უკრაინელი ხალხის დახმარება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს.

დღის ამბები