27 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
აგვისტოს ომის დამნაშავეები - ვინ არიან 2008 წლის ომის პირველი ბრალდებულები ჰააგის სასამართლოში

აგვისტოს ომის დამნაშავეთა პირველი სამეული ცნობილია. მიხეილ მინძაევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, დავით სანაკოევი - დე ფაქტო რეჟიმის ომბუდსმენი, ჰამლეტ გუჩმანოვი - ცხინვალის იზოლატორის ხელმძღვანელი.

ჰააგის პროკურორმა მათი დაკავება და გასამართლება საქართველოში 2008 წლის ომის დროს ჩადენილი უმძიმესი ეპიზოდების მოტივით მოითხოვა. სეპარატისტული რეჟიმის ამ 3 წევრს ბრალად ეთნიკური ქართველების წამება, თავისუფლების აღკვეთა, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, ასევე მძევლად აყვანა ედება. მხილებულია ომის კიდევ ერთი დამნაშავე - გარდაცვლილი რუსი გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი.

ბრალდებულების დაკავება და ჰააგისთვის გადაცემა რომის სტატუტის მქონე 123 ქვეყნის ვალდებულებაა, ქვეყნების, რომლებიც ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში შედიან. საკუთარ ტერიტორიაზე დაკავების შემთხვევაში მათ ბრალდებულები ჰააგას უნდა გადასცენ, სადაც დამნაშავეებს მაქსიმალურ სასჯელად 30 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ომის დროს მძიმე სამართლებრივი დარღვევები რუსეთის და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ქართველი სამხედროები კი საერთაშორისო სამართლის ნორმებით მოქმედებდნენ - ასე შეაფასა იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილება. ქართული მხარე ახლა ომის დანაშაულში ბრალდებულთა რიცხვის გაფართოებას ელოდება.

ჰააგის პროკურორის და საქართველოს მთავრობის მიზანი ერთია - დამნაშავე პირები საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ. ჰააგაში ჯერ კიდევ მიმდინარე გამოძიებასთან საქართველოს გენერალური პროკურატურა თანამშრომლობას განაგრძობს.

მოსკოვის გეგმა ვერ განხორციელდა. დადასტურდა, რომ დარღვევები და დანაშაული აგვისტოს ომის დროს არცერთ ქართველს არ ჩაუდენია - ასე აფასებს ოპოზიცია ჰააგის უმაღლესი ტრიბუნალის პირველ, საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას.

უკვე მეორე საერთაშორისო სამართლებრივი წარმატება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში - მმართველ გუნდში ელოდებიან, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ჰააგის უმაღლესმა ტრიბუნალმა საქართველოს სასარგებლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

2016 წლიდან ქართული მხარე ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგასთან. პროკურორის ოფისს სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება მიეწოდა.

დღის ამბები