დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობის ერთწლიანი დაკვირვების ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
მთავარ პრობლემად კი ადამიანის უსაფრთხოება, ბორდერიზაციის საკითხი, გართულებული ეპიდვითარება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა რჩება.
"გასულ წელს მთავარ პრობლემად ადამიანების უსაფრთხოება/თვითგადარჩენა და მცოცავი ოკუპაციის ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები დარჩა. 2020 წლის მსგავსად, აქტუალური იყო პანდემიის პირობებში გართულებული ეპიდემიური ვითარება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გახშირდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადამიანთა დაკავებები. განსაკუთრებით მაღალი იყო უკანონოდ დაკავებების რიცხვი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე საკითხად უნდა გამოიყოს ახალგორის ჩაკეტვის შედეგად გამოწვეული პრობლემები. ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისის შედეგად, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება, თბილისზე ზეწოლის მიზნით, ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა, რამაც ჰუმანიტარულ კრიზისსა და ე.წ. მცოცავ ეთნიკურ წმენდას შეუწყო ხელი.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში გაიზარდა სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის ფაქტები; სამოქალაქო აქტივისტების დევნა და შევიწროება მძიმე რეპრესიულ ღონისძიებებში გამოვლინდა. პრობლემად დარჩა გალში და ახალგორში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფა. აფხაზეთში სერიოზულ პრობლემად გამოიკვეთა რუსული რბილი ძალის გააქტიურება.
ერთი წლის მუშაობის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების შესამსუბუქებლად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს:
გააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ფაქტების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიული ინფორმირების მიზნით
საერთაშორისო მოლაპარაკებათა დღის წესრიგში დადგეს რეგიონში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი მხარის (რუსეთის ფედერაციის) საერთაშორისო პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების გამოყენების გზით
გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცების პრევენციის მიზნით
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის კუთხით არსებული რთული ვითარების გამო, საჭიროა საქართველოს ხელისუფლების მუშაობა გახდეს პროაქტიური და ძირითადი რისკების საპასუხოდ შემუშავდეს სამოქმედო გეგმები
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, დამატებით შეიქმნას განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმები," - აღნიშნულია DRI-ის ანგარიშში.